საქართველოს კორონავირუსული ეკონომიკა: ანტიკრიზისული გეგმა და საგარეო დახმარება

საქართველოს მთავრობა ეკონომიკის გადასარჩენად ანტიკრიზისულ გეგმაზე მუშაობას შეუდგა, საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები კი ქვეყნისთვის გამოყოფილ ფინანსურ დახმარებაზე საუბრობენ
Sputnik

ოთხშაბათს უკვე ცნობილი იყო, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს 200 მილიონ ევროს გამოუყოფს სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სხვა საჭიროებებისთვის.

გარდა ამისა, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოყოფილი 450 მილიონიდან 200 მილიონს საქართველოს ბიუჯეტი აპრილის ბოლოს მიიღებს, კიდევ 200 მილიონი კი გადაერიცხება ეროვნულ ბანკს. საერთაშორისო დონორები ქვეყანას წლის ბოლომდე 1,5 მილიარდი დოლარის გამოყოფას დაპირდნენ.

მილიარდ ნახევარი საქართველოს ეკონომიკისთვის: დონორებთან მოლაპარაკებების შედეგები >>

დახმარების მოლოდინში ქვეყნის მთავრობა ანტიკრიზისულ გეგმაზე მუშაობას შეუდგა და შექმნა ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფი.

„გეგმა იყოფა ორ ნაწილად. ეს არის ღონისძიებები, რომლებიც განხორციელდა კრიზისის დასაწყისში, კრიტიკულად მნიშვნელოვანი აქტივობის შენელებიდან გამომდინარე საჭირო დახმარების ფარგლებში, და იმ ნაწილად, რომელიც ეხება საზოგადოების ნაწილს, ვგულისხმობ სოციალური დახმარებისა და ბიზნესის დახმარების მიმართულებებს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა.

მთავრობის გეგმები

გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობამ მიზნად დაისახა ეკონომიკის განვითარება და ამ მიზნის მიღწევას გეგმავს.

„ამოცანა უბრალოა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეკონომიკური ცხოვრება მაქსიმალურად სწრაფად დაუბრუნდეს თავის ჩვეულ რიტმს. თუნდაც ვერ შევძლოთ ერთ-ორ თვეში იმ პოზიციების მიღწევა, რომლებიც 2020 წლის დასაწყისში გვქონდა, მაგრამ წელიწად-ნახევარში, ორ წელიწადში ეს უნდა გავაკეთოთ“, - აღნიშნა გახარიამ.

ამასთან, მან დასძინა, რომ საქართველო წლის ბოლომდე მიიღებს 3 მილიარდ დოლარს და ეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი შედეგია.

„არცერთ ქვეყანას არ აქვს ასეთი შედეგები. ჩვენ პირველები ვიქნებით, ვინც სსფ-სთან შეათანხმა განახლებული გაფართოებული პროგრამა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გახარიამ.

ხელისუფლების სამი მთავარი ამოცანა

„დღეს ჩვენ წინაშე დგას სამი ამოცანა – პირველი, გავუმკლავდეთ პანდემიას; მეორე, შევძლოთ იმ მოსახლეობის სოციალური დაცვა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის გამო მოკლებულია საარსებო წყაროებს; მესამე, შევძლოთ ეკონომიკაზე მიყენებული ზარალის სწრაფად აღმოფხვრა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

რამდენად დააზარალებს საქართველოს კორონავირუსის პანდემია - მოვლენების განვითარების სცენარი

ფინანსთა მინისტრმა კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური ზარალიც დაასახელა.

„ჩვენ ველოდებით დაახლოებით 4-5 პროცენტიან ეკონომიკურ კლებას 2020 წელს და ჩვენი შეფასებით, გვექნება დაახლოებით 1,5 მილიარდი აშშ დოლარის დანაკლისი საგადამხდელო ბალანსში. ეს თანხა უკვე მოძიებულია და შეივსება ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

მინისტრის განცხადებით, საქართველო ელოდება გამოწვევას ფისკალური კუთხითაც, რადგან ხარჯი იზრდება, საგადასახადო შემოსავლები კი მცირდება.

„სადაც ეს შესაძლებელია, ჩვენ, რა თქმა უნდა, შევამცირებთ ხარჯებს. ამასთან, მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობისა, რეფორმების კუთხით ჩვენ შეუფერხებლად განვაგრძობთ მუშაობას. ყველა შეფასებით, ეს შოკი არის დროებითი. რაც ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, გამოიწვევს რეცესიას, მაგრამ, საბედნიეროდ, შემდეგ წლებში ამას მოჰყვება მაღალი ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკა აუცილებლად აინაზღაურებს ამ დანაკლისს. ჩვენ, ჩვენი პოლიტიკით, ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი, რომ ეს მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

პირველი დახმარება

ეკონომიკის წახალისებისა და მოსახლეობის დახმარების მიზნით, ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ აპირებს ორი მილიარდი ლარის ოდენობის მასტიმულირებელი პაკეტის გამოყოფას. ეს განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც 13 მარტს ხელისუფლებამ ერთი მილიარდი ლარის ოდენობის პაკეტის გამოყოფაზე ისაუბრა.

როდის მიიღებს საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტრანშს და რას მოხმარდება თანხა

პირველი პაკეტი მოიცავს გადასახადების შეჩერებას ტურისტული სექტორისთვის 2020 წლის ნოემბრამდე, მცირე და საშუალო სასტუმროების სუბსიდირებას, საკრედიტო-საგარანტიო სქემების გაზრდას, დღგ-ს დაბრუნების დაჩქარებას და კაპიტალური ხარჯის გაზრდას.

მთავრობა დააფინანსებს ასევე ცხრა ძირითადი საკვები პროდუქტის, მათ შორის, ფქვილის, ბრინჯის, რძის ფხვნილის, ზეთის იმპორტს, და დააგროვებს 50 მილიონი ლარის ღირებულების პროდუქციის მარაგს.

გარდა ამისა, მთავრობა მოქალაქეთა გარკვეულ კატეგორიას დაუფინანსებს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გადასახადს.