თბილისი, 20 აპრილი - Sputnik. აშშ-ში მცხოვრებმა ქართველმა რეჟისორმა თათია ფილიევამ გამოაქვეყნა ახალი ვიდეო თავისი მეგობრების მონაწილეობით, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ვიდეორგოლს სიმბოლური სახელწოდება აქვს - „Separated. Together“ (ერთად ცალ-ცალკე).
სამწუთიანი ვიდეო გოგონამ თავის YouTube-არხზე გამოაქვეყნა. ვიდეორგოლმა 16 ათასი ნახვა დააგროვა.
„ეს მოკლე ფილმი ბოლო რამდენიმე კვირაში გადავიღე მთელ მსოფლიოში ჩემი მეგობრების დახმარებით, რომლებიც დამთანხმდნენ ვიდეორგოლში მონაწილეობაზე“, - წერს ფილიევა.
აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ტიპაჟისა და ასაკის მეგობრებს შორის არის ქართველი მსახიობი ირაკლი კვირიკაძე მეუღლესთან ერთად.
ეს მათი პირველი ერთობლივი ნამუშევარი არ არის. თათიას თანამემამულე გადაღებული ჰყავს ასევე მოკლემეტრაჟიან ფილმში Crying Out Loud, რომელშიც მამაკაცები ტირიან თავიანთი ცხოვრების ყველაზე მტკივნეული მომენტების გახსენებისას.
ფილმში Separated. Together გმირები საუბრობენ თავიან შიშებსა და მარტოობაზე საერთო მტრის - პანდემიის პირისპირ. მათი თქმით, ძალიან რთულია სიმტკიცის შენარჩუნება, როდესაც ირგვლივ ათასობით ადამიანი იღუპება, კარგავს სამსახურს, ღელავს ახლობლების გამო, რომელთა ნახვის შესაძლებლობაც არ აქვს.
ამასთან, ფილმის პერსონაჟები თვითიზოლაციაში პლუსებსაც პოულობენ: ისინი ცეკვავენ, კითხულობენ, წერენ მუსიკას, ესაუბრებიან ოჯახის წევრებსა და მეზობლებს. ისინი აცნობიერებენ, რომ სიცოცხლე - უზარმაზარი და ფასდაუდებელი საჩუქარია. ფინალში ადამიანები ერთმანეთს ეუბნებიან სიტყვებს - „მე შენ მიყვარხარ“ - სხვადასხვა ენაზე.
თათია - მხატვარი და კინორეჟისორია, დამთავრებული აქვს აშშ-ის კინოხელოვნების ინსტიტუტი. ცხოვრობს და მოღვაწეობს ლოს-ანჯელესში. ფილიევა ცნობილია ისეთი ემოციური სოციალურ-კომერციული ვირუსული ვიდეოებით, როგორიცაა „პირველი კოცნა“, სადაც ერთმანეთს პირველად კოცნიან აბსოლუტურად უცნობი ადამიანები, ასევე „გამხადე“, სადაც ასევე უცნობი ადამიანები ერთმანეთს ხდიან და ერთ საწოლში წვებიან.