COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 7 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა 394-ს შეადგენს.
Sputnik

თბილისი, 19 აპრილი - Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსი უკვე 93-მა ადამიანმა დაამარცხა, აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge. 

დილით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 86-ს შეადგენდა.  

რაც შეეხება ინფიცირებულების რაოდენობას, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 394 შემთხვევა არის დადასტურებული, ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმე რჩება

კარანტინის რეჟიმში 5094 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ – 547.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 4 პაციენტი გარდაიცვალა. შაბათს კორონავირუსით გარდაცვალების მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა. 74 წლის ქალი ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობდა და მართვითი სუნთქვის აპარატზე იყო ჩართული. ის კლინიკაში 8 აპრილს შეიყვანეს. მედიკოსების თქმით, მას ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა, ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში შემოღებულია საგანგებო მდგომარეობა, მოქმედებს კომენდანტის საათი. შემდგომში არსებული აკრძალვები და შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდა. კერძოდ, 17 აპრილის 12:00 საათიდან 21 აპრილამდე ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. ყველა სასაფლაო ათი დღით დაიკეტა. ასევე 17 აპრილიდან საქართველოში აუცილებელი ხდება სამედიცინო პირბადის ტარება დახურულ სივრცეში. აკრძალვებისა და შეზღუდვების დარღვევებისთვის სოლიდური ჯარიმებია გათვალისწინებული.