COVID-19 - ბოლო ცნობები

სუპერმარკეტ  „სმარტის“ დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

მთავრობის სპეციალურ ვებ–გვერდზე stopcov.ge განთავსებული ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს 385 ადამიანს. გამოჯანმრთელდა 84 ადამიანი
Sputnik

თბილისი, 18 აპრილი - Sputnik. სუპერმარკეტ „სმარტის” რუსთაველის ფილიალის დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომპანიის ინფორმაციით, ყველა პირი, ვინც ინფიცირებულთან იყო შემხებლობაში, თვითიზოლაციაში იმყოფება.

„რუსთაველის „სმარტის" ყველა ის თანამშრომელი, რომელიც შემხებლობაში იყო ვირუსის მატარებელთან გადაყვანილ იქნენ იზოლაციაში; დაუყოვნებლივ დაიკეტა ობიექტი; მოხდა მისი სრული დეზინფექცია და მხოლოდ აღნიშნული ზომების გატარების შემდგომ დაუბრუნდა სუპერმარკეტი სამუშაო რეჟიმს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ორმეტრიანი დისტანცია, თერმოსკრინინგი და უმრევლო ტაძრები:როგორ იზეიმებენ აღდგომას ქვეყანაში

კომპანიის ინფორმაციით, თანამშრომელთა და მომხმარებელთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების დამატებითი ზომების მისაღებად, 22 აპრილიდან „სმარტის” ყველა ობიექტზე მისულ მომხმარებლებს მხოლოდ თერმოსკრინინგის გავლის შემდეგ მიიღებენ.

„თავად „სმარტის” თანამშრომლების თერმოსკრინინგი აქამდეც სისტემატიურად ხორციელდებოდა”, - ნათქვამია განცხადებაში.

მთავრობის სპეციალურ ვებ–გვერდზე stopcov.ge განთავსებული ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს 385 ადამიანს. საქართველოს სამი მოქალაქე უცხოეთიდან ჩამოიყვანეს. გამოჯანმრთელდა 84 ადამიანი, გარდაიცვალა – 3. კარანტინში იმყოფება 4971, ხოლო სტაციონარებში მედიკოსთა დაკვირვების ქვეშ – 519.