COVID-19 - ბოლო ცნობები

გიორგი გახარიამ გუბერნატორებს შეზღუდვების დაცვის მკაცრად გაკონტროლება დაავალა

საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა ერთი თვით, თუმცა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მისი 10 მაისამდე გაგრძელების შესახებ
Sputnik

თბილისი, 18 აპრილი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რეგიონების ხელმძღვანელ პირებთან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული აკრძალვების აღსრულება განიხილა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

COVID-19... მკაცრი შეზღუდვები და ეკონომიკური კრიზისის კონტურები...   >>

უწყების ცნობით, გიორგი გახარიამ, ვიდეოკონფერენციის საშუალებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესა და რეგიონების გუბერნატორებს დაავალა, ყველა შეზღუდვის ზედმიწევნით დაცვა მკაცრად გაკონტროლდეს.

გუბერნატორებმა მთავრობის მეთაურისგან ასევე მიიღეს დავალება, მუდმივ რეჟიმში აკონტროლონ რეგიონებში ე.წ. ცხელების ცენტრებისა და კოვიდინფიცირებული პაციენტების მიმღები კლინიკების მზადყოფნის დონე და სტანდარტებთან შესაბამისობა.

„გუბერნატორებს დაევალათ, თითოეულ რეგიონში გამოყონ შესაბამისი პასუხისმგებელი პირები, რომლებიც 144-ის მიერ გადამისამართებულ მოქალაქეებს კვალიფიციურ ინფორმაციას მიაწვდიან ან შესაბამის დახმარებას აღმოუჩენენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
CNN: ტაძრებში აღდგომის ხალხმრავალი აღნიშვნა საქართველოსთვის კატასტროფად შეიძლება იქცეს

გარდა ამისა,  რეგიონების ხელმძღვანელმა პირებმა მთავრობას უახლოეს დღეებში უნდა წარუდგინონ  ხედვა იმ ეკონომიკური ობიექტების შესახებ, რომელთა მუშაობის განახლება საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ პირველი რიგის პრიორიტეტია.

აღნიშნულ პროცესს კოორდინაციას პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონებთან ურთიერთობის საკითხებში სოზარ სუბარი გაუწევს.

საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა ერთი თვით, თუმცა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მისი 10 მაისამდე გაგრძელების შესახებ. ასევე 10 დღით აიკრძალა სასაფლაოებზე გასვლა. 31 მარტიდან კი საკარანტინო რეჟიმი და კომენდანტის საათი ამოქმედდა. ადამიანებისთვის 21:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში სპეციალური ნებართვის გარეშე ქუჩაში გასვლა აკრძალულია. 17 აპრილიდან 22 აპრილამდე სპეციალური საშვის გარეშე ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალა, საჯარო სივრცეში კი პირბადის გარეშე გამოჩენა სოლიდურ ჯარიმას იწვევს.

#დარჩი სახლში: ექიმები მრევლს აღდგომის ღამეს სახლში დარჩენას კიდევ ერთხელ სთხოვენ >>

მთავრობის სპეციალურ ვებ–გვერდზე stopcov.ge განთავსებული ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს 385 ადამიანს. საქართველოს სამი მოქალაქე უცხოეთიდან ჩამოიყვანეს. გამოჯანმრთელდა 84 ადამიანი, გარდაიცვალა – 3. კარანტინში იმყოფება 4971 , ხოლო სტაციონარებში მედიკოსთა დაკვირვების ქვეშ – 519.