თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ განსაზღვრა იმ სამედიცინო დაწესებულებების სია, რომლებიც ახალი კორონავირუსის COVID-19-ის შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისათვის იქნება მობილიზებული, ნათქვამია სამთავრობო დადგენილებაში, რომელიც „საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
უახლოეს დროს ეპიდემიოლოგები საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულების მკვეთრ ზრდას ელოდებიან.
საუბარია მთელი ქვეყნის მასშტაბით 44 სამედიცინო დაწესებულებაზე. დადგენილებაში მითითებულია ყველა ის მომსახურება, რომელსაც კლინიკები პაციენტებს შესთავაზებენ.
ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, ამ კლინიკებში საწოლების სრული მობილიზაცია უნდა მოხდეს.
ასევე, კლინიკებმა უნდა მთლიანად დაცალონ შენობები და პაციენტები გადაიყვანონ შესაბამისი პროფილის სხვა დაწესებულებებში და შეძლებისდაგვარად გაზარდონ საწოლფონდი და რეანიმაციული ადგილები. საჭიროების შემთხვევაში კლინიკებმა უნდა შეიძინონ სამედიცინო საგნები, მასალები, აპარატურა და მედიკამენტები.
პაატა იმნაძე: თუ არ დავრჩებით სახლში, ვერ გადავრჩებით, გვექნება უდიდესი მსხვერპლი >>
საჭიროების შემთხვევაში, კლინიკები უზრუნველყოფენ COVID-19 დადებით ორსულთა მართვას.
გარდა ამისა, კლინიკების ნაწილში უნდა მოხდეს საწოლფონდის სრულად მობილიზება ცხელების მქონე პაციენტების მომსახურებისთვის, რათა საავადმყოფოში ინფექციის შიდა გავრცელება არ მოხდეს.
განსაზღვრულ სამედიცინო დაწესებულებებში განხორციელებული მომსახურება მოიცავს: მიერ მაღალი რისკის პაციენტების (საკარანტინე ან თვითიზოლაციის სივრცეებში მყოფი პირები, COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები) პირველად ტრიაჟს, დიაგნოსტირებას, COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების მართვას.
ყველა შერჩეული დაწესებულება ვალდებულია, გამოყოს COVID-19-ის ტესტირებისთვის შესაფერისი ბიოლოგიური მასალის აღებაზე, სწრაფი ტესტების შესრულებაზე, შესაფერის შემთხვევაში, გამოსაკვლევი მასალის შენახვასა და ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელი პირები.
მედპერსონალმა, რომელიც მუშაობს აღნიშნულ საავადმყოფოებში, მაგრამ ასევე დაკავებულია სხვა სამედიცინო დაწესებულებებში, პანდემიის დროს ვალდებულია უარი თქვას მეორე სამსახურზე, ხოლო დამსაქმებელი ვალდებულია შეუნარჩუნოს მათ სამუშაო ადგილები.
ქვემო ქართლის რწმუნებული ბოლნისში კორონავირუსის გავრცელების მასშტაბურ ზრდაზე საუბრობს >>
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დაევალა სამედიცინო დაწესებულებების მზადყოფნის მონიტორინგი ინფექციის კონტროლისა და სუნთქვის აპარატების გამართულობის კუთხით. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა, საჭიროების შემთხვევაში, უნდა უზრუნველყოს პაციენტების ტრანსპორტირება.
ასევე, იმ შემთხვევაში, თუ კლინიკაში ადგილები აღარ იქნება, სოციალური მომსახურების სააგენტომ პაციენტები შესაბამისი მომსახურების სხვა მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებაში უნდა გადაანაწილოს.
შერჩეულ კლინიკებზე გაიცემა დროებითი სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია/ნებართვა, რომელიც ძალაში იქნება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამ დროისთვის ინფიცირებულთა რაოდენობამ 370–ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 79, გარდაიცვალა 3. კარანტინში იმყოფება 5053 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 527.