COVID-19 - ბოლო ცნობები

CNN: ტაძრებში აღდგომის ხალხმრავალი აღნიშვნა საქართველოსთვის კატასტროფად შეიძლება იქცეს

მიუხედავად ეპიდემიოლოგების კატეგორიული გაფრთხილებისა, ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უარი არ თქვა აღდგომის ღამეს ღვთისმსახურების ჩატარებაზე
Sputnik

თბილისი, 18 აპრილი - Sputnik. საქართველომ კორონავირუსთან ბრძოლაში წარმატებას მიაღწია, თუმცა აღდგომის დღესასწაულის გამო ქვეყანა სერიოზული ტესტის წინაშე აღმოჩნდება, წერს ამერიკული ტელეკომპანია CNN.

COVID-19: საქართველოში საავადმყოფოების მობილიზაციისთვის ემზადებიან

მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 19 აპრილს ზეიმობს.

როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს,  საქართველოს ხელისუფლებამ კორონავირუსის გავრცელების პრევენცია   ადრეულ ეტაპზე დაიწყო, სკოლები 29 თებერვალს დახურა, როდესაც ქვეყანაში კორონავირუსის მხოლოდ  სამი შემთხვევა იყო დადასტურებული, პირველი დღეებიდანვე ისმოდა მოწოდებები სოციალური დისტანცირების და სხვა აუცილებელი ზომების გათვალისწინების შესახებ.

სტატიის ავტორის თქმით, ახლა საქართველო სერიოზული გამოცდის წინაშეა, რადგან აღდგომის დღესასწაულზე  გავლენიანი ქართული მართლმადიდებელი ეკლესია დიდ საზეიმო ღონისძიებებს გეგმავს, რაც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა განცხადებით, შესაძლოა, დამღუპველი აღმოჩნდეს.

„ამის მიუხედავად, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ დიდწილად უარი განაცხადა ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელთა თხოვნაზე, რომლებიც მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ. ეკლესიები საქართველოში ღია დარჩა და რელიგიური ცერემონიები გააგრძელეს, რაც ექსპერტების თქმით, შესაძლოა, კატასტროფული შედეგების მომტანი აღმოჩნდეს“, – ნათქვამია სტატიაში.
მსოფლიო ღამით: ყავის დეფიციტი, მამრობითი სქესის რისკები და კომპრომატული ვიდეო

სტატიის თანახმად,  ქართული ეკლესიის გადაწყვეტილება კიდევ უფრო გაუგებარია იმ ფონზე, როდესაც სხვა მართლმადიდებელმა ეკლესიებმა, მათ შორის რუსულმა და ბერძნულმა ეკლესიებმა მრევლს აღდგომის დღესასწაულზე სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს.

„ამგვარად, ეს აღდგომა ქვეყნისთვის დიდ რისკს წარმოადგენს. თუ აღდგომის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებებზე ჯანდაცვის სფეროს წამყვანი წარმომადგენლების მოწოდებების მიუხედავად, ბევრი ხალხი მივა, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საქართველოს წარმატება შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს“, – წერია სტატიაში.

მიუხედავად ეპიდემიოლოგების კატეგორიული გაფრთხილებისა, თუ რამდენად სარისკოა კორონავირუსის პანდემიის პირობებში სააღდგომო მასობრივი ლიტურგიის ჩატარება, ამასთან, დაწესებული შეზღუდვებისა და აკრძალვების ფონზე, ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უარი არ თქვა აღდგომის ღამეს ღვთისმსახურების ჩატარებაზე.

თუმცა, მეორე მხრივ, სამღვდელოების ნაწილმა უკვე მოუწოდა მრევლს, აღდგომა სახლში გაატაროს.

#დარჩი სახლში: ექიმები მრევლს აღდგომის ღამეს სახლში დარჩენას კიდევ ერთხელ სთხოვენ

აღდგომის ღამეს მორწმუნეთა ნაწილი, ვინც აპირებს ტაძრებში მისვლას, იქ კომენდანტის საათის ამოქმედებამდე, ანუ საღამოს ცხრა საათამდე უნდა მივიდეს და ეკლესიაში დილის ექვს საათამდე, კომენდანტის საათის დასრულებამდე უნდა დარჩეს. მთავრობაში აღნიშნავენ, რომ ზომების გამკაცრება კონკრეტულად ეკლესიას არ უკავშირდება. გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ მოქალაქეების მობილობა შეემცირებინათ.

„იტალია არ განმეორდება, იქნება ბევრად უარესი...“ - გიორგი კეკელიძე >>

მთავრობის სპეციალურ ვებ–გვერდზე stopcov.ge განთავსებული ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს 385 ადამიანს. საქართველოს სამი მოქალაქე უცხოეთიდან ჩამოიყვანეს. გამოჯანმრთელდა 84 ადამიანი, გარდაიცვალა – 3. კარანტინში იმყოფება 4971, ხოლო სტაციონარებში მედიკოსთა დაკვირვების ქვეშ – 519.