საქართველო მეორე მსოფლიო ომში: ძლიერი ზურგი და ათასობით მეომარი

საქართველოს ძალისხმევის გარეშე გერმანელების შეტევის მოგერიება კავკასიაში შეუძლებელი იქნებოდა. საქართველოს როლი ომში უმნიშვნელოვანესია და დასაფასებელი
Sputnik

დმიტრი ვერხოტუროვი, Sputnk–თვის

რატომღაც ისე მოხდა, რომ საქართველო „დიდი სამამულო ომის“ ისტორიის პერიფერიაზე აღმოჩნდა. ეს ალბათ უკავშირდება იმას, რომ სამხედრო ისტორიკოსების მთელი ყურადღება მიჯაჭვული იყო დიდი ბრძოლებისკენ. ზურგისა და საომარი მეურნეობის ისტორიას კი ნაკლები დრო ეთმობოდა.

ამასთან, საქართველო, როგორც წესი, ასოცირდებოდა ღვინოსთან, ხილთან და სტუმართმასპინძლობასთან და არ აღიქმებოდა, როგორც მნიშვნელოვანი სამხედრო-სამეურნეო ბაზა, ყოველ შემთხვევაში, ისეთ ცენტრალურ სამრეწველო რაიონებთან შედარებით, როგორებიც იყო მოსკოვი, ლენინგრადი თუ ურალი.

თუმცა საქართველოს, როგორც ზურგისა და სამხედრო-სამრეწველო რაიონის როლი ომის წლებში მეტად მნიშვნელოვანი იყო და ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს.

ბაქოდან ბერლინში?

საქართველოს ტერიტორიაზე ბრძოლები არ ყოფილა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს ჰიტლერის დამპყრობლურ გეგმებში ადგილი არ ეკავა. საყოველთაოდ ცნობილია, როგორ ისწრაფვოდა გერმანია ბაქოს მსხვილი ნავთობის საბადოების ხელში ჩაგდებას. ბაქოს ნავთობს ნაცისტური გერმანია იხილავდა, როგორც ომის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს.

ბაქოდან ნავთობის გერმანიაში გატანის მარშრუტი კი საქართველოზე გადიოდა. 

თბილისის „ცენტროლიტი“ - გამარჯვების სამჭედლო

ჯერ კიდევ რევოლუციამდე ბაქოდან ბათუმის პორტამდე, სადაც ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანაც მდებარეობდა, გაყვანილი იყო ნავთობსადენი. ის ომამდე განახლდა. ბაქოს საბადოების, ამ ნავთობსადენისა და ბათუმის პორტის ხელში ჩაგდებით გერმანია შავი ზღვისა და დუნაის გავლით ნავთობს პირდაპირ რეიხის ტერიტორიაზე გადაიტანდა.

სწორედ ამიტომ ცდილობდნენ ნაცისტები სევასტოპოლის დაპყრობას, შავი ზღვის ფლოტის განადგურებას, ნოვოროსიისკისა და ტუაფსეს აღებას და კავკასიის ქედის ჩრდილოეთითა და სამხრეთით გადასვლას.

ყველაფერი ფრონტისთვის

საქართველო ომის წლებში ამიერკავკასიის ფრონტსა და შავი ზღვის ფლოტს, რომელმაც 1941 წლის მიწურულს ბათუმისა და ფოთის პორტებში გადაინაცვლა, ზურგს უმაგრებდა. საქართველო მებრძოლებს ამარაგებდა ომისთვის აუცილებელი ყველა სახის ნივთებითა და ნედლეულით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მარცხი გარდაუვალი იქნებოდა.

მდგომარეობას ართულებდა ორი გარემოება. ჯერ ერთი, ომამდე საქართველოში კარგად არ იყო განვითარებული შავი მეტალურგია და მანქანათმშენებლობა. საქართველოში, ძირითადად, ვითარდებოდა მსუბუქი და კვების მრეწველობა, რომელიც სოფლის მეურნეობას ეფუძნებოდა. ერთადერთი მსხვილი მეტალურგიული საწარმო იყო თბილისის „ცენტროლიტი“. მეტალურგიული ქარხნის აშენება ომამდე ვერ მოესწრო. 

საქართველო მეორე მსოფლიო ომში: ძლიერი ზურგი და ათასობით მეომარი

მეორეც, 1942 წელს, როდესაც გერმანელებმა ჩრდილოეთ კავკასიაში აღმოსავლეთისკენ წაიწიეს და ვოლგამდე მივიდნენ, საქართველო ფაქტობრივად იზოლირებული აღმოჩნდა და სატრანსპორტო კავშირი დანარჩენ ქვეყანასთან მხოლოდ ბაქოსა და კრასნოვოდსკის პორტების, შემდეგ კი შუა აზიის გავლით იყო შესაძლებელი.

აქედან გამომდინარე, ამიერკავკასიის ფრონტი და შავი ზღვის ფლოტი უმთავრესად მხოლოდ ამიერკავკასიის რესპუბლიკების - საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის - ეკონომიკური რესურსების იმედად დარჩნენ.

კავკასიისა და აქაური ნავთობისთვის 1942-1943 წლებში მიმდინარე გადამწყვეტ ბრძოლებში საქართველოს მთელი თავისი რესურსები უნდა გამოეყენებინა ჯარისა და ფლოტის მოსამარაგებლად.

თვითმფრინავები, ნაღმები, ავტომატები...

ბევრი რამის წარმოება დამოუკიდებლად იყო საჭირო. 1940 წელს თბილისში დაიწყეს საავიაციო ქარხნის მშენებლობა, სადაც 1941 წელს ტაგანროგისა და სიმფეროპოლის საავიაციო ქარხნები გადმოიტანეს.

1941 წლის ნოემბერში დაიწყო თვითმფრინავების გამოშვება. საავიაციო წარმოების მასალებით მოსამარაგებლად შესაფერისი პროფილის ყველა ფაბრიკა ამუშავდა.

მაგალითად, ქართული ქიმიკატების კომბინატი ამზადებდა სპეციალურ წებოსა და საღებავებს, ტექსტილის საწარმოები - სპეციალურ ქსოვილებს, ავეჯის ფაბრიკები - შპონსა და ხის დეტალებს თვითმფრინავებისთვის. 

ქვემო ქართლში გერმანელი ჯარისკაცების საფლავების მოძიება იგეგმება

ამიერკავკასიის ფრონტის სამხედრო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაიწყო პისტოლეტების, ტყვიამფრქვევების გამოშვება 14 საწარმოში. ავტომატები ეწყობოდა თბილისის მანქანათმშენებელ ქარხანაში.

1942 წელს დამზადდა 50,6 ათასი ავტომატი, 1943 წელს - 90 ათასი, 1944 წელს - 73,4 ათასი. 1943 წელს თბილისის მანქანათმშენებელი ქარხანა იქცა არსენალად და გადაერთო იარაღისა და ოპტიკის შეკეთებაზე.

გარდა ამისა, დაიწყო 50 მმ-იანი და 82 მმ-იანი ნაღმტყორცნებისა და ნაღმების, ხელყუმბარების, საავიაციო ბომბების წარმოება. ლითონის უკმარისობის გათვალისწინებით შეიქმნა საავიაციო ბომბი П-40, რომელსაც ბეტონისგან ამზადებდნენ.

სევასტოპოლის გემთშემკეთებელმა და საარტილერიო ქარხნებმა, რომლებიც 1941 წლის დეკემბერში ფოთში გადაიტანეს, დაიწყეს შავი ზღვის ფლოტის ხომალდების შეკეთება.

სულ საქართველოში გადატანილ იქნა 20 მსხვილი სამრეწველო საწარმო, თუ არ ჩავთვლით მცირე ქარხნებსა და სხვადასხვა დაწესებულებას.

მანგანუმი, ნახშირი და ნავთობი

საქართველოში მეტად საჭირო სამხედრო-სამეურნეო ნედლეული მოიპოვებოდა. მთავარი იყო ჭიათურის მანგანუმი, რომელიც მაღალი ხარისხის ფოლადის დასამზადებლად გამოიყენებოდა.

მანგანუმის გატანა დაიწყო მხოლოდ 1942 წლის ივლისში ბაქოსა და კრასნოვოდსკის გავლით მაგნიტოგორსკის მეტალურგიულ კომბინატში - მთავარ მეტალურგიულ ქარხანაში ომის დროს.

მოპოვება განახლდა 1943 წლიდან. 1944 წელს ჭიათურამ კვლავ დაიწყო გერმანელებისგან გათავისუფლებული დონბასის მანგანუმით მომარაგება.

ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა ამზადებდა შავი მეტალურგიისთვის აუცილებელ ლითონს: ფერომანგანუმსა და ფეროსილიციუმს. 

„ჯარისკაცის მამა“ – საინტერესო ფაქტები და კადრს მიღმა დარჩენილი ამბები

მანგანუმის გარდა, საქართველოში მოიპოვებოდა ოქრო, თეთრი დარიშხანი, მოლიბდენი, ვოლფრამი - სამხედრო მრეწველობისთვის აუცილებელი ნედლეული.

ჯარებს, ფლოტს, მრეწველობას სჭირდებოდა ბევრი ნახშირი. მხოლოდ შავი ზღვის ფლოტი კვარტალში 15 ათას ტონა ნახშირს მოიხმარდა. მისი შემოტანა შეუძლებელი იყო და ამიტომ მთელი ტვირთი საქართველოს ნახშირის საბადოებს - ტყვარჩელს, ტყიბულსა და ახალციხეს დააწვა. ნახშირი მძიმე შრომის შედეგად მოიპოვებოდა, თანაც მაღაროელების დიდი ნაწილი ქალებმა და მოზარდებმა ჩაანაცვლეს.

საქართველოში მცირე ოდენობით ნავთობსაც მოიპოვებდნენ. მოქმედებდა ორი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მირზაანსა და ბათუმში. ბაქო-ბათუმის ნავთობსადენი 1942 წლის აპრილ-მაისში ნაწილობრივ დაშალეს, როდესაც გერმანელების შეტევამ პიკს მიაღწია. თუმცა ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა განაგრძობდა მუშაობას და საავიაციო ბენზინის, ავტობენზინის, ნავთის და გემებისთვის საწვავის დამზადებას.

მთელი პროდუქციის ნახევარზე მეტი - ჯარსა და ფლოტს

საქართველოს გამარჯვება დიდი ძალისხმევის ფასად დაუჯდა. საქართველოში 1939 წელს 3,5 მლნ ადამიანი ცხოვრობდა. ფრონტზე 562,7 ათასი ადამიანი, ანუ მთელი მოსახლეობის 16% წავიდა. 

რამდენი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანია საქართველოში

დარჩენილები დღესა და ღამეს ასწორებდნენ, რომ მეომრები საჭირო ეკიპირებითა და ნედლეულით მოემარაგებინათ. ჩექმები, შინელები და სხვა აუცილებელი ნივთები; ასევე ხორბალი, ფქვილი, ხორცი, ჩირი, ღვინო, თამბაქო, სამკურნალო ბალახები და ნაყენები - ყველაფერი არმიასა და შავი ზღვის ფლოტში იგზავნებოდა.

ქართველმა მეთევზეებმა 1943 წელს 30 ათასი ცენტნერი თევზი დაიჭირეს. არადა ეს ხომ საკმაოდ სახიფათო საქმე იყო, ვინაიდან ისინი ნებისმიერ დროს შეიძლებოდა გამხდარიყვნენ გერმანული ავიაციის სამიზნე.

საქართველოს გარეშე, მისი ძალისხმევის გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა კავკასიაში გერმანელების შეტევის მოგერიება. საქართველოს როლი ამ ომში უმნიშვნელოვანესია და დასაფასებელი.