COVID-19 - ბოლო ცნობები

ვის არ ურჩევს ეკლესიაში მისვლას ანდრია ჯაღმაიძე

საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, აღდგომაზე, 19 აპრილის ღამეს მრევლი ტაძარში მივა კომენდანტის საათის დაწყებამდე და მსახურების შემდეგ ტაძარს დატოვებს დილის ექვს საათზე
Sputnik

თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. ჩვენ ძალიან ბევრ ადამიანს მოვუწოდებთ, რომ თავი შეიკავონ ეკლესიაში მოსვლისგან, განაცადა საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ  „ტვ პირველის“ ეთერში.

საქართველოს ბრძოლა კორონავირუსთან - გატარებული ზომების სრული მიმოხილვა >>

მართლმადიდებელი სამყარო 19 აპრილს აღდგომას აღნიშნავს. მოახლოებული დღესასწაულის აღნიშვნის საკითხი საპატრიარქოსა და მთავრობას შორის ხანგრძლივი მოლაპარაკების საგანი გახდა.

საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, აღდგომაზე, 19 აპრილის ღამეს მრევლი ტაძარში მივა კომენდანტის საათის დაწყებამდე და მსახურების შემდეგ ტაძარს დატოვებს დილის ექვს საათზე.

დღეს ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ ბევრ ადამიანს ურჩია არ მოსულიყვნენ ეკლესიაში.

„მე ჩემს მრევლს, ძალიან ბევრ ადამიანს ვურჩიე, რომ დარჩენილიყო სახლში. ესენი არიან ხალხი, რომელიც ძალიან იშვიათად მოდიან ეკლესიაში, წელიწადში ერთხელ მოდიან და უხარიათ ამ სადღესასწაულო ხალხმრავლობაში მონაწილეობა. ზოგი მათგანი დილის წირვის დასრულებამდე არც კი რჩებოდა ხოლმე ტაძარში, ამიტომ მათ ერთმნიშვნელოვნად ვუთხარი, რომ ამ ღამეს უნდა შეიკავონ თავი მოსვლისგან. ჩვენ გავაფრთხილეთ ხალხი, ვისაც რაიმე სინდრომი აქვს, თავად არის რისკის ჯგუფში, სახლში ჰყავს ასაკოვანი ან ავადმყოფი ადამიანი, მაქსიმალურად უნდა შეიკავონ თავი აი ამ ხალხმრავლობაში, რომელიც ზოგადად არის ხოლმე“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
საქართველოში ხუთი დღით მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალება

დეკანოზი დარწმუნებულია, რომ მრევლის უდიდესი ნაწილი გაითვალისწინებს გაფრთხილებებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ მრევლის უდიდესი ნაწილი გაითვალისწინებს, მიიღებს თავის თავზე ყველაფერს, რაც მას ეკუთვნის და შესაბამისად დაიცავს იმ რეკომენდაციებს, რომელსაც ჩვენი ღრმად პატივცემული ექიმები იძლევიან“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ამასთან, ანდრია ჯაღმაიძემ სასულიერო პირებს მოუწოდა, დაიცვან ყველა რეკომენდაცია, რომელიც სინოდის, ასევე საპატრიარქოსა და პატრიარქის განცხადებებში იყო მოცემული.

„კიდევ ერთხელ პატრიარქის ლოცვა-კურთხევას გადავცემ სასულიერო პირებს, რომლებიც ტაძრებს ხელმძღვანელობენ, წინამძღვრებს ტაძრებისას, რომ უმკაცრესად უნდა დაიცვან ის რეკომენდაციები, რომლებიც არის აქამდე გაცემული, სინოდის, შემდგომში საპატრიარქოს განცხადების, მერე პატრიარქის მიმართვის შინაარსში რასაც ვკითხულობთ. აუცილებლად დასაცავი არის დისტანცია, აუცილებლად უნდა იყენებდნენ სადეზინფექციო ხსნარებს, აუცილებლად ყველა იმ რეკომენდაციას ითვალისწინებდნენ და უზრუნველყოფდნენ, რომ მრევლმა ეს ყველაფერი დაიცვას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საყურადღებო ლოცვა-კურთხევა“, – განაცხადა საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა.

სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოს მთვარობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა და ექიმებმა არაერთხელ მოუწოდეს მოსახლეობას დარჩნენ სახლში და აღდგომის ღამეს ტაძრებში გამართულ სადღესასწაულო წირვას ტელეეკრანებზე მიადევნონ თვალი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა, 14 აპრილს მთავრობამ საქართველოში საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელებისა და შეზღუდვების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო.

გარდა ამისა, ხვალიდან 21 აპრილის ჩათვლით აიკრძალა ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება და დახურულ საჯარო სივრცეში სავალდებულო გახდა პირბადეების ტარება.

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 16 აპრილის მონაცემებით ინფიცირებულთა რიცხვი 348-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 76 ადამიანი, გარდაიცვალა 3, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5079, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 558 პაციენტია.