თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ ქართველი კოლეგა დავით ზალკალიანის განცხადებას, სადაც მან კორონავირუსთან ბრძოლაში თურქ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა, Twitter–ზე გამოეხმაურა და მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.
„კორონავირუსთან ბრძოლაში მხარდაჭერის ნიშნად თბილისის ტელეანძა თურქეთის დროშის ფერებში განათდა. ჩვენ მადლობას ვუხდით ჩვენს მეგობარ საქართველოს“, დაწერა ჩავუშოღლუმ Twitter–ზე.
თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 69 392 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილია 1,5 ათასი ადამიანი.
რაც შეეხება საქართველოს, 16 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 336–ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 74 ადამიანი, გარდაიცვალა 3. კიდევ სამი ადამიანი კორონავირუსის დიაგნოზით გადმოიყვანეს თურქეთიდან და სომხეთიდან. საკარანტინე რეჟიმში იმყოფება 5000 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 494.
საქართველომ და თურქეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონალური უსაფრთხოების, განათლების სფეროში და ერთმანეთს სტრატეგიულ პარტნიორებად მიიჩნევენ.