COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში შესვლა-გამოსვლა აიკრძალა

14 აპრილს კორონავირუსით ინფიცირებულთა 30 ადამიანით გაზრდამ საქართველოში ახალი შეზღუდვების დაწესება გამოიწვია
Sputnik

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. საქართველოში დღეს 21:00 საათიდან 10 დღის ვადით - 25 აპრილამდე ჩაიკეტა საქართველოს ოთხი დიდი ქალაქი – თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი. აღნიშნული შეზღუდვა ფიზიკურ პირებს ეხება.

14 აპრილს კორონავირუსით ინფიცირებულთა 30 ადამიანით გაზრდამ საქართველოში ახალი შეზღუდვების დაწესება გამოიწვია.

იმისათვის, რომ კორონავირუსის გავრცელება უკონტროლო არ გახდეს, საქართველოს ხელისუფლებამ სამშაბათს მიიღო გადაწყვეტილება, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 10 მაისამდე გააგრძელოს.

მოვასწროთ აკრძალვამდე: თბილისს ასობით ავტომობილი ტოვებს - ვიდეო

ამ თარიღამდე იმოქმედებს ყველა არსებული შეზღუდვა, მათ შორის კომენდანტის საათი, სამ კაცზე მეტი პირის შეკრების აკრძალვა და კარანტინი 70 წელს ზემოდ გადაცილებული პირებისთვის.

ძალაში რჩება კარანტინის მოქმედება მარნეულის, ბოლნისის და ლენტეხის რაიონებში, ასევე ქობულეთის რაიონის სოფელ გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავროკაში, აგრეთვე ხაშურის რაიონის სოფელ ხიდისყურში.

გარდა ამისა, გაგრძელდება კონტროლი გორის, ფოთის, ზუგდიდის, თელავის, ახალციხის, ვანისა და ცაგერის ყველა შესასვლელ-გამოსასვლელზე.

15 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 306-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 71 ადამიანი, გარდაიცვალა 3, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5034, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 463 პაციენტია.