COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოში სასაფლაოებზე გასვლა 10 დღით აიკრძალება

აღდგომის დღეებში სასაფლაოებზე ტრადიციული გასვლა კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო აიკრძალა - ქვეყანაში ვირუსის სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების სტადია დაიწყო
Sputnik

თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 17 აპრილიდან ათი დღით აკრძალოს სასაფლაოებზე გასვლა, განაცხადა საქართველოს პრემიერის მრჩეველმა, მთავრობის პრეს-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე.

აღდგომის დღეებში სასაფლაოზე გასვლა საქართველოში ძველი ტრადიციაა. ხალხს სასაფლაოზე მიაქვს შეღებილი კვერცხები, პასკა, ღვინო და ხშირად პურმარილსაც შლის.

„საგანგებო მდგომაროების ფარგლებში 17 აპრილიდან 10 დღის ვადით ქალაქებში წესდება შეზღუდვები სასაფლაოებზე“ , – აღნიშნა ჩიქოვანმა.
„თუ გინდათ, რომ ქართველი ერი და ეკლესია გადარჩეს, ნუ წახვალთ ეკლესიაში“ - პაატა იმნაძე

ჩიქოვანის განცხადების კვალდაკვალ ჟურნალისტებს გაესაუბრა საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, რომელმაც ამ საკითხთან დაკავშირებით ეკლესიის პოზიცია გაახმოვანა.

„აღდგომა დღეს სასაფლაოზე გასვლა არ წარმოადგენს საეკლესიო კანონიკით გათვალისწინებულ ქმედებას, ეს უფრო ხალხური ტრადიციის დონეზე შემორჩა დღევანდელ დღეს, დღევანდელ რეალობას, ამიტომ აქაც არაფერი არ ირღვევა, თუ ჩვენ აღდგომა დღეს და მომდევნო დღეებშიც, გათვალისწინებით იმ შეზღუდვებისა, რასაც გვიწესებს ხელისუფლება, არ გავიდეთ საფლავზე“ , – განაცხადა ჯაღმაიძემ.

სასაფლაოზე გასვლის შეზღუდვა უკავშირდება კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს. ინფექციონისტები აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ ქვეყანა ვირუსის სრულმასშტაბიან შიდა გავრცელებაზე გადავიდა.

15 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 306 დაფიქსირებული შემთხვევაა. გარდაიცვალა სამი ადამიანი, გამოჯანმრთელდა 71. ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი 21:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე.