რაში დახარჯავს მთავრობა დონორების მიერ გამოყოფილ 1.5 მილიარდ დოლარს: მინისტრის განმარტება

პირველადი შეთანხმების თანახმად, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები საქართველოს წლის ბოლომდე 1,5 მილიარდი დოლარის დახმარებას გამოუყოფენ.
Sputnik

თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. საერთაშორისო პარტნიორების მიერ საქართველოსთვის გაწეული ფინანსური დახმარება ნაწილობრივ შეავსებს საბიუჯეტო დეფიციტს და ასევე მოხმარდება მოქალაქეებისა და სამედიცინო სექტორის მხარდაჭერას, განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

საგანგებოს გაგრძელება, აღდგომა და ეკონომიკა: საქართველო კორონავირუსის პიკის მოლოდინში

კორონავირუსის ეპიდაფეთქებამ ქვეყნის ეკონომიკას სერიოზული დარტყმა მიაყენა. ზარალდება ბიზნესის თითქმის ყველა სფერო. მოსახლეობის დიდი ნაწილი უმუშევარი დარჩა. კრიზისიდან გამოსასვლელად ხელისუფლება ფინანსური დახმარების მიღების მიზნით სამი კვირის განმავლობაში აწარმოებდა აქტიურ და საკმაოდ რთულ მოლაპარაკებებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან.

მაია ცქიტიშვილის თქმით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დონორი ორგანიზაციების მიერ  საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების პაკეტი, სხვა ქვეყნებთან შედარებით, საკმაოდ მოცულობითია. მისი საორიენტაციო მოცულობა 1,5 მილიარდი დოლარი იქნება და ის საქართველოს წლის ბოლომდე უნდა გამოუყონ.

„ყველა ეკონომისტი და ყველა ქვეყანა პროგნოზირებს რეცესიას, ანუ ეკონომიკის შემცირებას და შენელებას. მხოლოდ ჩვენ მაგალითზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, დაახლოებით 3,5 მილიარდი დოლარი მოაკლდება ჩვენს ეკონომიკას. შესაბამისად, მოაკლდება ბიუჯეტსაც და, აქედან გამომდინარე, დახმარების სახით მიღებული თანხა ჩვენ მიერ მოხმარდება როგორც საბიუჯეტო დეფიციტის და საჭიროებების დაკმაყოფილებას, ისე, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების, სამედიცინო სექტორის მხარდაჭერას და უშუალოდ COVID-19-თან ბრძოლას, რასაც, უკვე არსებული მონაცემებით, 350 მილიონ ლარზე მეტი სჭირდება“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

საქართველოში კრედიტების გაცემა გამარტივდა

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აგრძელებს მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან დახმარების თანხების მიზნობრიობის, კონკრეტული პროგრამების შინაარსისა და ბენეფიციარების განსაზღვრისთვის.

„ვმუშაობთ იმისათვის, რომ განვსაზღვროთ - ეს იქნება ბიზნესისთვის, სახელმწიფო პროგრამების სახით თუ მოქალაქეებზე ან სამედიცინო სექტორზე ორიენტირებული დახმარება. ერთობლივი მუშაობის შედეგად ჩვენ შევძლებთ უკეთესად დავინახოთ სურათი, უკეთესად განვსაზღვროთ ყველა იმ ბენეფიციარის წრე და იმ საჭიროებების ნუსხაც, რომელთაც მოხმარდება აღნიშნული თანხა”, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორებისგან მიღებული თანხის ნაწილი ბიზნესის მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამებსაც მოხმარდება.

ეკონომიკური გამოწვევების დასაძლევად საქართველოს 447 მილიონ დოლარს გამოუყოფს საერთაშორისო სავალუტო ფონდიც.

რაც შეეხება ქვეყნის მთვარობის მიერ ეკონომიკის წახალისების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 1 აპრილს 2 მილიარდი ლარის ოდენობის სტიმულირების პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადა, რაც დაემატა 13 მარტს გამოცხადებულ 1 მილიარდი ლარის ოდენობის პაკეტს.

თურნავა: მზად ვართ, საერთაშორისო კომპანიებს საქართველო ალტერნატიულ პლატფორმად შევთავაზოთ

თავდაპირველი პაკეტი მოიცავდა ტურიზმის სექტორისთვის 2020 წლის ნოემბრამდე ქონებისა და საშემოსავლო გადასახადის შეჩერებას, მცირე და საშუალო სასტუმროების სუბსიდირებას, საკრედიტო საგარანტიო სქემის შექმნას, დღგ-ის ანაზღაურების პროცესის დაჩქარებას და კაპიტალური ხარჯების გაზრდას.

მთავრობა ასევე სუბსიდირებას გაუწევს ცხრა ძირითადი პროდუქტის იმპორტს, მათ შორის, ფქვილის, ბრინჯის, რძის ფხვნილის, ზეთის, და ამ პროდუქტების 50 მილიონი ლარის ღირებულების მარაგს შექმნის. გარდა ამისა, მთავრობა გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურს დაუფარავს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 306 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 69, ხოლო გარდაიცვალა 3 ადამიანი.