COVID-19 - ბოლო ცნობები

შეიძლება თუ არა აღდგომაზე ეკლესიაში წასვლა: რას ამბობს მღვდელმსახური

კვირას, 19 აპრილს, მორწმუნეები უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს - აღდგომას აღნიშნავენ. სადღესასწაულო ლიტურგია უამრავ ტაძარში ჩატარდება
Sputnik

კორონავირუსის პანდემიისა და მასთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში მრევლს, თავისთავად, გაუჩნდა კითხვა - შეიძლება თუ არა აღდგომის დღესასწაულზე ეკლესიებში წასვლა.

საგანგებოს გაგრძელება, აღდგომა და ეკონომიკა: საქართველო კორონავირუსის პიკის მოლოდინში >>

ქართველი და რუსი ჟურნალისტების ამ და სხვა კითხვებს მოსკოვში ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კახაბერ გოგიტიშვილმა ონლაინ-კონფერენციაზე უპასუხა.

მთავარია - არ განვიკითხოთ

რუსეთში პატრიარქ კირილეს კურთხევით, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, 13-დან 19 აპრილამდე მოსკოვისა და მისი შემოგარენის ტაძრებში მისვლა შეიზღუდა.

COVID-19-ის გამო ეკლესიების დახურვა ერთობლივი ღვთისმსახურებისთვის მოსკოვსა და მის შემოგარენში ბევრისთვის თითქმის რწმენის გამოცდად იქცა.

„თუ გინდათ, რომ ქართველი ერი და ეკლესია გადარჩეს, ნუ წახვალთ ეკლესიაში“ - პაატა იმნაძე

მოსკოვის საპატრიარქომ მრევლს სახლში დარჩენისკენ, მღვდელმსახურებს კი - ლიტურგიის პირდაპირ ეთერში ჩატარებისკენ მოუწოდა.

დეკანოზ გოგიტიშვილის სიტყვებით, მორწმუნეებს, რომლებისთვისაც აღდგომას ეკლესიაში მისვლა ტრადიციაზე მეტს ნიშნავს, ძალიან გაუჭირდათ ამ ფაქტის მიღება.

საქართველოში, მღვდელმსახურების განცხადებით, ადამიანები მსახურების დროს იდგებიან ტაძრების ეზოებში და მკაცრად დაიცავენ დისტანციას.

„მრევლი ორმეტრიან დისტანციას იცავს, ტაძრებში ადამიანები სათითაოდ შედიან, როდესაც ზიარება იწყება. საქართველოში ასე მოქცევის შესაძლებლობას კლიმატი იძლევა. რუსეთში კი, მაგალითად, ჯერ ცივა“, - აღნიშნა დეკანოზმა.

მღვდელმსახურები შესანიშნავად ხედავენ ყველაფერს: საზოგადოება ორ ბანაკად გაიყო - ერთნი ეკლესიებში სიარულს განაგრძობენ, მეორენი კი საგანგებო მდგომარეობის გამო ტაძრებში აღარ დადიან.

ამასთან დაკავშირებით, გოგიტიშვილმა პავლე მოციქულის სიტყვები მოიშველია, რომელიც ამბობდა, რომ იმან, ვინც მარხულობს, არ უნდა განსაჯოს ის, ვინც ამას არ აკეთებს და - პირიქით. ამით ხაზი გაუსვა, რომ ახლა მეტად მნიშვნელოვანია ურთიერთგანსჯის ცოდვა არ ჩავიდინოთ.
„ეს არის შეღავათიანი პირობა“ - რა გადაწყვეტილება მიიღო საპატრიარქომ აღდგომის დღესასწაულზე

„ვფიქრობ, დღეს პავლე მოციქულის სიტყვები ასე უნდა ჟღერდეს: ის, ვინც ეკლესიაში მიდის, ნუ განსჯის სახლში დარჩენილს, სახლში დარჩენილი კი ნუ განსჯის იმას, ვინც ტაძარში წავიდა. ყველას შეგვიძლია რელიგიური გრძნობების გამოხატვა, მაგრამ ეს სხვებს საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს“, - აღნიშნა კახაბერ გოგიტიშვილმა.

როგორ არ დავარღვიოთ კანონი აღდგომაზე

საქართველოში აღდგომის ღამეს ეკლესიები არ დაიხურება, მაგრამ ხელისუფლება დაჟინებით მოუწოდებს მორწმუნეებს, დარჩნენ სახლში და საკუთარ თავსა და გარშემომყოფებს საფრთხე არ შეუქმნან. ვირუსის შიდა გავრცელება ქვეყანაში გაიზარდა, COVID-19-ით სასულიერო პირების ინფიცირების შემთხვევებიც დაფიქსირდა.

ამ რთულ ვითარებაში სახელმწიფო მოქალაქეების გონიერების იმედადაა: იმის იმედად, რომ ადამიანები თავად გააცნობიერებენ, როგორი რისკის შემცველი შეიძლება იყოს ტაძარში წასვლა და არ დაელოდონ სასულიერო პირების კატეგორიულ მოწოდებას, თავი შეიკავონ ეკლესიებში მისვლისგან.

და მაინც, როგორ მოიქცევა მრევლი: წავა თუ არა ეკლესიაში აღდგომის ღამეს? ეს კითხვა „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტმა დეკანოზ კახაბერ გოგიტიშვილს დაუსვა.

„ვინაიდან ეკლესიები ღია იქნება, ვერ წარმომიდგენია, რომ ხალხი არ მოვიდეს, - აღნიშნა მან. - ამასთან, ბევრმა უკვე იპოვა გამოსავალი სიტუაციიდან. ისინი ეკლესიებში საღამოს ცხრა საათამდე მისვლას და იქ დილის ექვს საათამდე დარჩენას აპირებენ, რათა კომენდანტის საათი არ დაარღვიონ“.

არის კიდევ ერთი „საეკლესიო ლაიფჰაკი“ პანდემიის პირობებში, ამბობს გოგიტიშვილი. შესაძლოა, სააღდგომო ლიტურგია ზოგიერთ ეკლესიაში დღის საათებში ჩატარდეს. ამის შესახებ, მისი სიტყვებით, მრევლს წინასწარ აცნობებენ.