COVID-19 - ბოლო ცნობები

ტიკარაძე: საქართველოში სულ 256 ინფექციონისტია

ამ დღეებში სპეციალისტებმა ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს. ისინი საზოგადოებას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
Sputnik

თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. საქართველოში ამ დროისთვის სულ 256 ინფექციონისტია, რომლებსაც 853 პაციენტის მომსახურება შეუძლიათ, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

ტიკარაძემ სამედიცინო სფეროს ადამიანურ რესურსებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში სულ 483 რეანიმატოლოგია, რომლებსაც დღეში 1,2 ათასი პაციენტის მომსახურება შეუძლიათ. სწორედ ეს გარემოებები გახდა ერთგვარი წინაპირობა იმისა, რომ მთავრობამ ადრეულ ეტაპზე მიმართა პრევენციულ ზომებს. 

ფოთიდან თბილისში კორონავირუსით ინფიცირებული ექიმი გადმოიყვანეს

„როდესაც ამ ციფრებს აანალიზებ, ხვდები, რამდენად მნიშვნელოვანია ყველაზე მკაცრი ზომების, ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც ხშირად კრიტიკას იმსახურებენ, და ამავე დროს (მნიშვნელოვანია), იყო ძალიან ფრთხილად. სწორედ ეს გახდა მოტივაცია და ბიძგი იმისა, თუ რატომ გადავდგით თავიდანვე ასეთი გაბედული ნაბიჯები“, - განაცხადა ტიკარაძემ.

სამედიცინო სფეროში ადამიანური რესურსების კუთხით არსებული რისკების შესახებ განცხადება გააკეთა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამაც. მისი სიტყვებით, თუ ქვეყანა კორონავირუსით ინფიცირებულთა მაღალ ციფრებზე გადავა, არსებობს რისკი, რომ ქვეყანაში ინფექციონისტების ნაკლებობა შეიქმნება.

„ამისათვის ჩვენ უკვე დავიწყეთ ოჯახის ექიმების გადამზადება. თუმცა, ოჯახის ექიმსაც გაუჭირდება გაზრდილ ნაკადთან გამკლავება. გამოსავალი კვლავ იმაშია, რაზეც პირველივე დღიდან ვსაუბრობთ – ვეცადოთ, რომ ნაკადი ეტაპობრივი იყოს და პიკში არ გადაიზარდოს“, – აღნიშნა გაბუნიამ.

ამ დღეებში სპეციალისტებმა ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს. მხოლოდ ერთ დღეში 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სპეციალისტები საზოგადოებას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 306-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 69 პაციენტი. გარდაიცვალა 3. კარანტინში იმყოფება 5034 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 463 ადამიანია. 

ჯანდაცვის მინისტრი მოქალაქეებს სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდებს

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა. გადაწყვეტილება ძალაში 31 მარტიდან შევიდა. ასევე მოქმედებს კომენდანტის საათი 21:00 საათიდან 06:00 საათამდე.

სამშაბათს, 14 აპრილს მთავრობამ საქართველოში საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელებისა და შეზღუდვების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილებას პრეზიდენტის და შემდეგ პარლამენტის თანხმობა სჭირდება. 15 აპრილის 21:00 საათიდან 10 დღის ვადით ჩაიკეტება საქართველოს ოთხი დიდი ქალაქი – თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში იკრძალება შესვლა–გამოსვლა.

ქვეყანაში მთლიანად შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, დაწესებულია ტაქსის მუშაობის მკაცრი რეგლამენტი – ნებადართულია მხოლოდ ორი მგზავრის მომსახურება.

ქუჩაში გამოსვლისას ყველა მოქალაქეს თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ყველას, განსაკუთრებით ხანშიშესულებს, სახლიდან გამოსვლას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ურჩევენ.

მანამდე, მარტის შუა რიცხვებში მთავრობამ ჩაკეტა საზღვრები, 21 მარტიდან კი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს ბოლნისის, მარნეულის, ვანის, ლენტეხის მუნიციპალიტეტებსა და ქობულეთის ოთხ სოფელში, სადაც კორონავირუსის აფეთქების დიდი ალბათობა იყო.