თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეს მკვიდრი ახალგაზრდა კაცი, რომელსაც COVID-19 დაუდასტურდა, თბილისში სამთავრობო დაცვის სამსახურში მუშაობს. იგი საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელია და მას ახალი კორონავირუსი სწორედ დედაქალაქში დაუდასტურდა, ინფორმაციას Imedi ავრცელებს.
შიდა ქართლის გუბერნატორის ინფორმაციით, ხოვლეში ახლა ეპიდემიოლოგები არიან ჩასული და მუშაობენ. კაცი სოფელში ბოლოს რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა. მიმდინარეობს კონტაქტების გამოვლენა და შესწავლა.
საქართველოში კორონავირუსი 296 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 69 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.