COVID-19 - ბოლო ცნობები

კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები საქართველოში: დეტალები

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები გამოვლინდა თბილისში, ფოთში, ბოლნისის და ჭიათურის მუნიციპალიტეტების სოფლებში
Sputnik

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. საქართველოში გასულ დღე-ღამეს კორონავირუსით ინფიცირების ერთბაშად 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ეპიდაფეთქების დაწყებიდან პირველად მოხდა.

ერთ–ერთი ახალი პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, თბილისში, ქიაჩელის ქუჩაზე მდებარე იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურია. მისთვის უცნობია ინფიცირების წყარო, თუმცა ვარაუდობს, რომ ეს დაკავშირებულია თბილისის მედიცინის ინსტიტუტთან, სადაც იგი 6 აპრილს რენტგენის გადასაღებად იმყოფებოდა. მისი და ამ კლინიკაში უფროს ექთნად მუშაობს.

გამყრელიძე: მომავალი ორი-სამი კვირა იქნება ძალიან მძიმე

სასულიერო პირის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საყურადღებო. ის ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობს. ამავე კლინიკაში მკურნალობს სასულიერო პირის ოჯახის ორი წევრი, რომელთაც კორონავირუსი აქვთ დადასტურებული.

კორონავირუსი დაუდასტურდა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში მცხოვრებ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც დაცვის სამსახურში მუშაობს და საპატრიარქოში შემოსასვლელს აკონტროლებდა.

კორონავირუსით დაინფიცირდა „ქობულეთის ტექსტილის“ თანამშრომლის ოჯახის წევრი, რომელიც ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. ქობულეთის რაიონი მაღალი რისკის ზონაა - იქ მხოლოდ ერთ, ე.წ. სოფელ გვარას კლასტერში 25 ინფიცირებულია.

ფოთში „კოვიდ 19“-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული მამაკაცი 70 წელსაა გადაცილებული. იგი ფოთელია და ქობულეთის ერთ-ერთ კლინიკაში ექიმად მუშაობს. აღნიშნული შემთხვევაც ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება.

დადგენილია კორონავირუსის ფუნდამენტური თავისებურება: მსოფლიოს უძლიერესი მეცნიერების დასკვნა

რვა ახალი შემთხვევა დაემატა ბოლნისის კლასტერს, მათ შორის ხუთი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმები არიან.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში სტუმრად მყოფ ახალგაზრდა მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა. მამაკაცი თბილისის საავადმყოფოშია, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მასთან კონტაქტში მყოფი პირები კი თვითიზოლაციაში არიან. სოფელში ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

14 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 296-ს შეადგენს. აქედან გამოჯანმრთელდა 69 ადამიანი, გარდაიცვალა – 3 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4990, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 462 პაციენტია. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საქართველო ფართომასშტაბიანი შიდა გავრცელების სტადიაზე გადავიდა და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 10 მაისამდე გააგრძელა.