COVID-19 - ბოლო ცნობები

გიორგი გახარიამ არ გამორიცხა, რომ საქართველოში საყოველთაო კარანტინიც გამოცხადდეს

გიორგი გახარიამ დაასახელა რამდენიმე ფაქტორი, რომლებზეც იქნება დამოკიდებული საყოველთაო კარანტინის გამოცხადება. ერთ-ერთია - კორონავირუსის გავრცელების სისწრაფე
Sputnik

თბილისი, 14 აპრილი — Sputnik.  ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის შემოღება დამოკიდებული იქნება კორონავირუსის გავრცელების სისწრაფეზე და მედიკოსების მზადყოფნაზე წინ აღუდგნენ პანდემიას, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

თბილისი იკეტება – საქართველოს ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს ამკაცრებს >>

14 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 296-ს შეადგენს, ამასთან ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობა ერთბაშად 30-ით გაიზარდა. აქედან გამოჯანმრთელდა 69 ადამიანი, გარდაიცვალა – 3 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4856, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 458 პაციენტია. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საქართველო ფართომასშტაბიანი შიდა გავრცელების სტადიაზე გადავიდა და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 10 მაისამდე გააგრძელა.

გახარია: საგანგებო რეჟიმი 10 მაისამდე გაგრძელდება

„იმედი გვაქვს, არ მივალთ ინფიცირებულების იმ რაოდენობაზე და გავრცელების ისეთ სისწრაფეზე, როდესაც სრული კარანტინის გამოცხადება მოგვიწევს. თუმცა, ამას არ გამოვრიცხავ“, - განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, ყველაფერი ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნაზე და ვირუსის გავრცელების სისწრაფეზე იქნება დამოკიდებული.

„ამ მდგენელების განვითარებიდან გამომდინარე, მიღებული იქნება ესა თუ ის გადაწყვეტილება, მათ შორის 24- საათიანი სრული კარანტინის გამოცხადების თაობაზე“, - განაცხადა გახარიამ.

დღეისათვის საქართველოში კომენდანტის საათი მოქმედებს, სამ კაცზე მეტი პირის შეკრება აკრძალულია. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის საკმაოდ მოზრდილი ჯარიმებია დაწესებული.