COVID-19 - ბოლო ცნობები

ეროვნული ბიბლიოთეკა სისხლის დონორებს მიიღებს

ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, რომელიც ამჟამად კარანტინის გამო დროებით დაკეტილია, ძალზე მნიშვნელოვან საქმეში დახმარება გადაწყვიტა.
Sputnik

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ხუთშაბათს 11:00-დან 14:00 საათამდე სისხლის დონორებს მიიღებს, ამის შესახებ თავის ოფიციალურ Facebook-გვერდზე ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ დაწერა.

ჯანდაცვის მინისტრი მოქალაქეებს სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდებს>>

უფრო ადრე სისხლის დონაციისკენ მოსახლეობას ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მოუწოდა. მისი თქმით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ქვეყანაში ბოლო თვეში დონორობა მკვეთრად შემცირდა.

„ეროვნული ბიბლიოთეკა კვლავაც მზად არის საკუთარი სივრცე დაუთმოს ამ უმნიშვნელოვანეს პროცედურას. ხუთშაბათს სისხლის ბანკის თანამშრომლები დონორობის ყველა მსურველს ეროვნულ ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მიიღებენ - გუდიაშვილის 7. ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ახლა განსაკუთრებით გვჭირდება თანადგომა! ძალიან ბევრი პაციენტია, ვისთვისაც სისხლის გადასხმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – აღნიშნავს კეკელიძე.

მისი თქმით, აქციაზე დაცული იქნება სიფრთხილის ყველა ზომა. ის მსურველებს მოუწოდებს, მოვიდნენ სამედიცინო ნიღბებში და დაიცვან დისტანცია.

დონორებს ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მათ ექიმი–თერაპევტები გაუწევენ კონულტაციას. ჩატარდება წინასწარი ლაბორატორიული კვლევები.

„ყოველ კვირას, ჩემს მეგობრებთან ერთად, გურიაში სამ სოციალურად დაუცველ ოჯახს დავეხმარებით“

დონორობა ნებისმიერ ჯანმრთელ, 18-დან 60 წლამდე ადამიანს შეუძლია. დონორი არ შეიძლება იყოს ინფექციური დაავადების მქონე ადამიანი, ასევე შიდსით, სიფილისით, ვირუსული ჰეპატიტით, ბრუცელოზით დაავადებული, პარაზიტული და სისხლის დაავადებების მქონე.

მომავალმა დონორებმა უნდა იცოდნენ, რომ ქირურგიული თუ სტომატოლოგიური ჩარევიდან, ტატუს გაკეთებიდან თუ ნებისმიერი ტიპის ვაქცინაციიდან მხოლოდ ექვსი თვის გასვლის შემდეგ შეუძლიათ სისხლის ჩაბარება.

დონორი ასევე არ შეიძლება გახდეს პირი, რომელიც ანტიბიოტიკებით მკურნალობს, ან ბოლო 48 საათის განმავლობაში ალკოჰოლი აქვს მიღებული.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეიძლება დარეკვა ტელეფონის ნომერზე 599 352 030.