COVID-19 - ბოლო ცნობები

სახიფათოა თუ არა კონტაქტური ლინზები COVID-19-ის პირობებში: ამერიკული კვლევა

აშშ-ის ოფთალმოლოგიის აკადემიის მეცნიერებმა 45 მილიონ თანამოქალაქეს, რომლებიც ლინზებს ატარებენ, მაინც ურჩიეს, ჯერჯერობით სათვალეებს დაუბრუნდნენ.
Sputnik

თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. კორონავირუსის პანდემიის პირობებში კონტაქტურ ლინზებზე უარის თქმის მიზეზი არ არსებობს, თუმცა მათი გამოყენებისას აუცილებელია გარკვეული წესების დაცვა, აცხადებენ აშშ-ის ოფთალმოლოგიის აკადემიის მეცნიერები. 

დასტურდება თუ არა ზედაპირებიდან ინფიცირების რისკი: გერმანელი ვირუსოლოგის კვლევა

აღსანიშნავია, რომ მათ მოსაზრებას ეთანხმებიან ბრიტანეთის მხედველობის კონტაქტური კორექციის სპეციალისტთა ასოციაციისა და ევროპის მხედველობის კონტაქტური კორექციის ექიმ-ოფთალმოლოგთა ასოციაციის სწავლულებიც, რომლებმაც ასევე ჩაატარეს კვლევები აღნიშნულ საკითხზე.

„ამჟამად არ არსებობს მონაცემები, რაც დაადასტურებდა, რომ კონტაქტური ლინზების მომხმარებლებს COVID-19-ით დაავადების უფრო მაღალი რისკი აქვთ, ვიდრე მათ, ვინც ჩვეულებრივ სათვალეს იყენებს. აგრეთვე არ არსებობს არც ერთი სამეცნიერო მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ კონტაქტური ლინზების ტარება COVID-19-ის პანდემიის დროს პრობლემატურია“, — ნათქვამია ამერიკელი ოფთალმოლოგების განცხადებაში.

როგორც ირკვევა, აშშ-ის ოფთალმოლოგიის აკადემიის მეცნიერებმა COVID-19-ით ინფიცირებული 17 პაციენტი გამოიკვლიეს. პაციენტების ცრემლის ნიმუშებში, რომლებიც დაავადებიდან მესამე–მეოცე დღემდე შუალედში აიღეს, სწავლულებმა ვირუსი ვერ აღმოაჩინეს. მათი თქმით, ეს შეიძლება იყოს იმის მტკიცებულება, რომ ინფექციის თვალების გზით გადაცემის მხოლოდ მცირე რისკი არსებობს. 

თუმცა, აკადემიის მეცნიერებმა 45 მილიონ თანამოქალაქეს, რომლებიც ლინზებს ატარებენ, მაინც ურჩიეს, ჯერჯერობით სათვალეებს დაუბრუნდნენ.

აუცილებელია 50 წელს ზემოთ: სახელდება ვიტამინი, რომელიც COVID-19-ის რისკს ამცირებს>>

გარდა ამისა, სპეციალისტებმა გაავრცელეს რამდენიმე რეკომენდაცია, რომლებიც კონტაქტური ლინზების გამოყენების წესებს უკავშირდება:

  • სანამ ლინზებს ჩაისვამთ, საგულდაგულოდ დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით 20 წამის განმავლობაში და პირსახოცით გაიმშრალეთ;
  • შეცვალეთ ძველი წყვილი ახლით ისე, როგორც ეს რეკომენდებულია (ყოველდღე, ორ კვირაში ან თვეში ერთხელ). იდეალურია ერთდღიანი კონტაქტური ლინზები;
  • ლინზების მოვლის საშუალებები (ხსნარები) გამოიყენეთ წესების შესაბამისად. მაგალითად, ნუ ჩაასხამთ ხსნარს კონტეინერში და ნუ გამოიყენებთ ხელმეორედ;
  • ყოველთვიურად (სასურველია უფრო ხშირად) შეცვალეთ ლინზების კონტეინერი. ყოველდღე გაასუფთავეთ და გამორეცხეთ ის;
  • უარი თქვით ავადმყოფობის, გაციებისა და გრიპის დროს ლინზების ტარებაზე;
  • ძილის წინ მოიხსენით ისინი.