„ტერეზა რაკენის“ ონლაინჩვენებაზე მაყურებელს გრიბოედოვის თეატრი ეპატიჟება

პროექტი „თეატრალური საკუჭნაო“ მაყურებელს სთავაზობს ონლაინსპექტაკლს მსოფლიო ლიტერატურის კლასიკიდან გრიბოედოვის თეატრის მსახიობების შესრულებით
Sputnik

თბილისი, 13 აპრილი - Sputnik. გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრი ვირტუალური პროექტის - „თეატრალური საკუჭნაოს“ ფარგლებში მაყურებელს ცნობილი ფრანგი მწერლის, ემილ ზოლას გახმაურებული რომანის „ტერეზა რაკენის“ მიხედვით დადგმული სპექტაკლის ონლაინჩვენებაზე ეპატიჟება. დადგმის ნახვა შესაძლებელი იქნება ოთხშაბათს, 15 აპრილს, თეატრის ოფიციალურ Facebook-გვერდზე.

„ტერეზა რაკენი“ - არის დაუცხრომელი ვნების, ღალატისა და დანაშაულის ისტორია. ნაწარმოები XIX საუკუნის ფრანგული ლიტერატურის შესანიშნავი ნიმუშია. წიგნში დახვეწილი მანერითაა აღწერილი გმირების გრძნობებისა და განცდების უსასრულობა, დაწყებული ძლიერი გრძნობებით და გონების სრული დაბინდვითა და მკვლელობით დამთავრებული.

„ჩვენ გავხსნით ავთანდილ ვარსიმაშვილის სპექტაკლის „ტერეზა რაკენის“ ბმულს. ეს არის ტრაგიკული ისტორია ორ მოქმედებად ემილ ზოლას რომანის მიხედვით. პრემიერა 1999 წლის 8 ოქტომბერს შედგა“, - ნათქვამია თეატრის განცხადებაში.

„ტრავიატა“ ონლაინ: თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი მაყურებელს სპექტაკლზე იწვევს

სპექტაკლზე მუშაობდნენ დამდგმელი-მხატვარი გიორგი ნადირაძე და ქორეოგრაფი თამაზ ვაშაკიძე.

მონაწილეობენ მსახიობები: ვალენტინა სემინა (ქალბატონი რაკენი), ჯემალ სიხარულიძე (ლორანი), ირინა მეღვინეთუხუცესი (ტერეზა), მიხეილ ამბროსოვი, სტას კრასოვიცკი (კამილი) და ლევ გავრილოვი (ბატონი მიშო).

შეგახსენებთ, პროექტი „თეატრალური საკუჭნაო“ სიმბოლურად თეატრის საერთაშორისო დღეს ამოქმედდა, რომელიც მსოფლიოში ყოველწლიურად 27 მარტს აღინიშნება. ის მიზნად ისახავს თეატრის ერთგული მაყურებლის მოსაწყენი დღეების გალამაზებას საგანგებო მდგომარეობის პირობებში. დადგმების ჩვენება თეატრის რეპერტუარიდან ოფიციალურ ვებგვერდზე და Facebook-გვერდზე იმართება.