COVID-19 - ბოლო ცნობები

საჩხერის კლინიკის ინფექციონისტმა კორონავირუსი დაამარცხა

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კიდევ ერთი, მეექვსე პაციენტი გამოჯანმრთელდა. ის კლინიკას სავარაუდოდ ხვალ დატოვებს.
Sputnik

თბილისი, 13 აპრილი - Sputnik. საჩხერის სამედიცინო ცენტრის ინფექციონისტი, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული, გამოჯანმრთელდა, განუცხადა პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის ინფექციონისტს კორონავირუსი 5 აპრილს დაუდასტურდა. ამის შემდეგ საავადმყოფოს ასამდე თანამშრომელი კლინიკაში იზოლაციაში იმყოფებოდა. შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ საჩხერის სამედიცინო ცენტრის დანარჩენ მედიკოსებს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამ დროისთვის ცენტრი შეუფერხებლად მუშაობს.

კორონავირუსის ახალი შემთხვევები საქართველოში: დეტალები

ექიმი საჩხერის მერის, ბენიამინ ფალავანდიშვილის მეუღლეა. აღსანიშნავია, რომ მერს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

კლინიკის ინფექციონისტი სამედიცინო დაწესებულებას სავარაუდოდ ხვალ დატოვებს. ეს უკვე მე-6 გამოჯანმრთელებულია, რომელიც კლინიკიდან გაეწერება.

ამ დროისთვის საჩხერის სამედიცინო ცენტრში ახალი კორონავირუსის დიაგნოზით ერთი პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 272-მდე გაიზარდა, მათგან გამოჯანმრთელდა 68 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა - 3. ასევე, სამი პირი სხვადასხვა ქვეყნიდან სამშობლოში სამკურნალოდ ჩამოიყვანეს.