COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ბერლინიდან დღეს დაბრუნდებიან

ბორტზე, რომელსაც თბილისიდან გაჰყვა ყველა შესაბამისი მოწყობილობით აღჭურვილი სამედიცინო პერსონალი, იმყოფება მძიმე პაციენტი, საქართველოს მოქალაქე, რომელიც საელჩოს მიერ სპეციალურად დაქირავებული რეანომობილით გადმოიყვანეს ჰამბურგიდან.
Sputnik

თბილისი, 12 აპრილი - Sputnik. დღეს შესრულდება საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული განრიგიდან მორიგი ავიარეისი თბილისი-ბერლინი-თბილისი, რომელიც გერმანიიდან სამშობლოში საქართველოს მოქალაქეებს ჩამოიყვანს, იუწყება ტელეკომპანია Imedi საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

თვითმფრინავის ბორტზე მგზავრთა შორის არიან ფეხმძიმე ქალბატონები, მცირეწლოვანი ბავშვები, სხვადასხვა ქრონიკული და მიმდინარე, მათ შორის განსაკუთრებულად მძიმე ფორმის დაავადებების მქონე პირები.

„აღნიშნულ რეისს ასევე მოჰყვება მძიმე პაციენტი, საქართველოს მოქალაქე, რომელიც საელჩოს მიერ სპეციალურად დაქირავებული რეანომობილით გადმოიყვანეს ჰამბურგიდან, ბერლინის აეროპორტამდე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, თვითმფრინავს თბილისიდან გაჰყვა ყველა შესაბამისი მოწყობილობით აღჭურვილი სამედიცინო პერსონალი, რათა პაციენტის მომსახურება უზრუნველყოფილი იყოს უშუალოდ ხომალდის ბორტზეც, ბერლინიდან თბილისამდე მგზავრობისას“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
საქართველოს 24 მოქალაქე უნგრეთიდან სამშობლოში დაბრუნდა

საქართველოს ხელისუფლებამ სამშობლოში დააბრუნა 5 319 თანამემამულე, რომლებმაც უცხოეთიდან დამოუკიდებლად დაბრუნება კორონავირუსის პანდემიის გამო ვერ მოახერხეს. საქართველოს დიპლომატიურმა მისიებმა ასევე დახმარება გაუწიეს 3809 საქართველოს მოქალაქეს - ისინი უზრუნველყვეს საცხოვრებლით, ტრანსპორტით, საკვებით, მედიკამენტებით და პირველადი საჭიროების სხვა ნივთებით.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში საჰაერო გზით ქვეყანაში დაბრუნდა დაახლოებით 3300 მოქალაქე, სახმელეთო გზით - დაახლოებით 1800 მოქალაქე, საზღვაოთი - 275.

აპრილში ასევე დაგეგმილია შემდეგი სპეცრეისები: ამსტერდამიდან, ვარშავიდან, ბარსელონიდან, რომიდან, თელ-ავივიდან და პარიზიდან.

აშშ-დან დაბრუნებული მოსწავლეები ორ საკარანტინო ზონაში გადაანაწილეს >>

გარდა ამისა, აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოში გუშინ ჩამოფრინდა სპეცრეისი, რომლის ბორტზე 79 ქართველი მოსწავლე იმყოფებოდა, რომლებიც აშშ-ში გაცვლითი პროგრამით სწავლობდნენ.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველომ საჰაერო მიმოსვლა ყველა მიმართულებით მთლიანად 21 მარტს აკრძალა. საქართველოს მთავრობასთან კოორდინირებულად ხორციელდება მხოლოდ ავიაკომპანია „აირზენას“ ავიარეისები, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები ჩამოჰყავს. ქვეყანაში ჩამოსული მოქალაქეები ორკვირიან სავალდებულო კარანტინში გადაჰყავთ.