COVID-19 - ბოლო ცნობები

ინგლისის პრემიერ-მინისტრი კლინიკიდან გაწერეს და კარანტინში გადაიყვანეს

ბორის ჯონსონი ამჟამად ქალაქგარეთ მდებარე რეზიდენციაში იმყოფება, მუშაობის დაწყებას მას ექიმები ჯერჯერობით არ ურჩევენ
Sputnik

თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გაწერეს კლინიკიდან, სადაც ის კორონავირუსისგან მკურნალობდა, შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრის კანცელარიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გააკეთა.

კორონავირუსი აშშ-ში, იტალიაში და მსოფლიოში - ბოლო მონაცემები 12 აპრილისთვის

ჯონსონმა კორონავირუსის ინფიცირების შესახებ განცხადება 27 მარტს გააკეთა. იმ დროიდან ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, თუმცა მუშაობას აგრძელებდა. 3 აპრილს გამოვიდა ვიდეომიმართვით და განაცხადა, რომ მას მაღალი სიცხე აქვს. ორი დღის შემდეგ ჯონსონის კანცელარიამ განაცხადა, რომ პრემიერი კლინიკაშია და ანალიზებს აბარებს, ხაზი გაესვა, რომ გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის შესახებ საუბარი არ ყოფილა. მეორე დღეს პრემიერის ოფისმა განაცხადა, რომ ჯონსონის მდგომარეობა გაუარესდა და ის რეანიმაციაში იმყოფება.

ბორის ჯონსონი ამჟამად ქალაქგარეთ მდებარე რეზიდენციაში იმყოფება, მუშაობის დაწყებას მას ექიმები ჯერჯერობით არ ურჩევენ.

„ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი St. Thomas Hospital-ის მთელს მედპერსონალს „თავდაუზოგავი მზრუნველობისთვის“ მადლობას უხდის. „ის თავისი ფიქრებით მათ გვერდითაა, ვისაც ეს დაავადება შეეხო“, - ხაზგასმულია განცხადებაში.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 10 600-ს გადააჭარბა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი 84 ათასს აღემატება.

ერთ დღე-ღამეში გარდაცვლილთა რაოდენობა 737-ით გაიზარდა, ინფიცირებულთა რიცხვი - 5 288-ით.