თბილისი, 11 აპრილი - Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 233-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 54, გარდაიცვალა 3. გარდა ამისა, საქართველოს კიდევ სამ მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას. კარანტინში იმყოფება 4672 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 373 პაციენტია.
„24 საათის განმავლობაში გვყავს 2 ახალი შემთხვევა. დღე-ღამის განმავლობაში 15 პაციენტთან ჩატარდა ტესტირება და ერთს დაუდასტურდა კორონავირუსი. ჩვენ ახლა გვყავს 35 დადასტურებული შემთხვევა და 38 უკვე განიკურნა. რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, 3 პრობლემური პაციენტი გვყავს, მაგრამ მათი მდგომარეობა არ გაუარესებულა. ჩვენთან მხოლოდ 3 პაციენტის წყარო არაა ცნობილი, მაგრამ ისინი ძველი პაციენტების კონტაქტები არიან. დღეს ვატარებთ მონიტორინგს იმ პაციენტებს, რომლებსაც უკვე გატარებული დღეების მიხედვით გამოჯანმრთელება უწევთ და ვნახოთ, როგორი იქნება შედეგები“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
რაც შეეხება მეორე ინფიცირებულს, იგი ქუთაისის ცხელების ცენტრიდან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში, შემდეგ კი თბილისის ბოჭორიშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.
„ეს პაციენტი არის სვანეთის კლასტერი, ეს არის ხუთი წლის ბავშვი გამოხატული პნევმონიით“, - განაცხადა ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა.
ეზუგბაიას თქმით, ამიერიდან იმ პირებს, რომლებსაც კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდათ და მკურნალობას აქ გაივლიან, ცალკე განიხილავენ.
„ამ ეტაპზე გვყავს 236 დადასტურებული შემთხვევა, მაგრამ მათგან 3 შემოტანილია უცხოეთიდან: 2 სომხეთიდან და 1 თურქეთიდან. ამ ადამიანებს კორონავირუსი იქ დაუდასტურდათ, მაგრამ საქართველოს მოქალაქეები არიან და აქ გაივლიან მკურნალობას. ეს 3 შემთხვევა ცალკე უნდა განიხილებოდეს“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა.