COVID-19 - ბოლო ცნობები

რატიანი: დღეს ხუთი პაციენტის გამოჯანმრთელებას ველოდებით

საქართველოში კორონავირუსი უკვე 56-მა ადამიანმა დაამარცხა, კარანტინში იმყოფება 4856 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 370  პაციენტია.
Sputnik

თბილისი, 11 აპრილი - Sputnik. თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა მის კლინიკაში მოთავსებული,  კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირება 233 ადამიანს დაუდასტურდა  >>

11 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 233-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 56, გარდაიცვალა 3. გარდა ამისა, საქართველოს 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას. კარანტინში იმყოფება 4856 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 370  პაციენტია.

როგორც ლევან რატიანმა აღნიშნა, საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული 57 პაციენტი იმყოფება. ხუთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დღეს ან ხვალ გაეწერება კლინიკიდან.

ამ დროისთვის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება სამი ბავშვი, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაც სტაბილურია.

„კლინიკური გამოვლინების თვალსაზრისით, არც ერთ მოზარდთან კორონავირუსის დამახასიათებელი კლინიკა არ ვლინდება. დანარჩენი პაციენტები მოთავსებული არიან ინტენსიურ თერაპიის განყოფილებაში“, – განაცხადა რატიანმა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები: დეტალები

რატიანის თქმით, კლინიკაში მყოფ 37 პაციენტთან კომპიუტერული ტომოგრაფიით დადასტურებულია მწვავე პნევმონიის სურათი,  რეანიმაციაში არის რვა პაციენტი, სამი მათგანი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა, დანარჩენი ხუთი კი სპონტანურ სუნთქვაზე.

„ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფი ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. დანარჩენ ორ პაციენტთან მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია ვიტალური პარამეტრები. რაც შეეხება კრიტიკულ პაციენტს, კლინიკურად სახეზეა ფილტვისა და გულის მწვავე დაზიანების სინდრომი. ასევე, თირკმლის, ღვიძლის დაზიანება, რაც მიუთითებს, რომ არის მულტიორგანული უკმარისობა“, – აღნიშნა მან.

რაც შეეხება კლინიკაში მოთავსებულ ორსულებს, მათი და ნაყოფების ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია.

„ერთ მათგანთან გუშინ გავიდა 14 დღე და ვირუსზე უარყოფითი პასუხი მოვიდა. დღეს ანალიზი განმეორებით გაიგზავნება და, თუ დღის ბოლომდე მოვა უარყოფითი პასუხი, ის გაეწერება ბინაზე“, – განაცხადა რატიანმა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა.