COVID-19 - ბოლო ცნობები

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მზად არის - სენსაციური ინტერვიუ ქართველ მეცნიერთან

კანადაში ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნილია, მისი ერთ-ერთი ავტორი კი ქართველი მეცნიერია
Sputnik

თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მზადაა, აცხადებს „პირველ არხთან“ მეცნიერი გიორგი ბაბუაძე, რომელიც კანადაში მეცნიერთა ჯგუფთან ერთად ახალი კორონავირუსის ვაქცინის შექმნაზე მუშაობს.

მითების მსხვრევა: მეცნიერმა განმარტა, გადადის თუ არა კორონავირუსი ჭამის გზით

გიორგი ბაბუაძის განცხადებით, ვაქცინაზე მუშაობა პანდემიის გამოცხადებიდან ერთ კვირაში დაიწყო და მისი ცხოველებზე გამოცდა ჯერ არ დასრულებულა. პრეპარატის პრეკლინიკური ეტაპი თითქმის დასრულებულია, მალე მეცნიერებმა მისი ადამიანებზე გამოცდა უნდა დაიწყონ.

„გამოცდა მიმდინარეობს სხვადასხვა მოდელის ცხოველზე. სრული პასუხი ყველა მოდელის ცხოველიდან გვექნება 15 ივნისისთვის. ჩვენ ვმუშაობთ მესამე ტიპის ვაქცინაზე, რომელიც არ საჭიროებს ცოცხალი, ან ანტივირუსის შეყვანას ორგანიზმში. 30-40 დღე გვაშორებს პრეკლინიკური ფაზის საბოლოო პასუხებს, თუმცა ეს ხელს არ გვიშლის, კლინიკურ ფაზაში გადავიდეთ“, - აცხადებს მეცნიერი.

მეცნიერი კლინიკური ფაზის დასასრულს სექტემბერში, ან ოქტომბრის ბოლოსთვის ვარაუდობს, რომლის შემდეეგ მისი გამოყენება ფართო საზოგადოებისთვის შესაძლებელი იქნება. მისივე განმარტებით, კორონავირუსი მუტაციას საათების და დღეების მიხედვით არ განიცდის. ვირუსმა მუტაცია შესაძლოა, წელიწადში, ორ წელიწადში, ათ წელიწადში განიცადოს და ეს მათ სამუშაო პროცესზე გავლენას არ ახდენს.

ახალი კორონავირუსის გენომი მთლიანად გაშიფრულია: პირველი გენური რუკა მაღალი დეტალიზაციით

ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების 1 704 565 შემთხვევაა. გარდაცვლილია 103 257 ადამიანი, 378 838 - გამოჯანმრთელდა. 11 მარტს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 233 დადასტურებული შემთხვევაა. ქვეყანაში კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან გადმოყვანილი 3 საქართველოს მოქალაქე მკურნალობს. გარდაიცვალა 3 პაციენტი.