COVID-19 - ბოლო ცნობები

აშშ-დან დაბრუნებული მოსწავლეები ორ საკარანტინო ზონაში გადაანაწილეს

მოსწავლეების ყატარის დედაქალაქ დოჰაში ჩაყვანა ამერიკულმა მხარემ, ხოლო დოჰადან სპეცრეისით თბილისამდე, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო
Sputnik

თბილისი, 11 აპრილი - Sputnik. საქართველოს მთავრობამ წუხელ ღამით სპეცრეისით აშშ-დან 79 ქართველი მოსწავლე ჩამოიყვანა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ

საქართველოსა და აშშ-ის მთავრობებმა ამერიკიდან სამშობლოში 79 ქართველი მოსწავლის ჩამოყვანის ერთობლივი გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღეს. უწყების ცნობით, მოსწავლეების ყატარის დედაქალაქ დოჰაში ჩაყვანა ამერიკულმა მხარემ, ხოლო დოჰადან სპეცრეისით თბილისამდე, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო.

ქართველ მოსწავლეებთან ერთად თბილისში ჩამოვიდა 35 მოსწავლე სომხეთიდან. ისინი ქართველ თანატოლებთან ერთად ამერიკაში იმყოფებოდნენ. როგორც მანამდე საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, ამავე რეისით ამერიკიდან სომეხი მოსწავლეების ჩამოყვანა სომეხმა კოლეგებმა სთხოვეს. ისინი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სომხეთში გაემგზავრნენ.

უწყების განცხადებით, მოსწავლეებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სავალდებულო თერმოსკრინინგი გაიარეს, რის  შემდეგაც, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით, ავტობუსებით, ჭადრაკული განლაგებით, გადაიყვანეს თბილისსა და კახეთში არსებულ ორ სასტუმროში. მოსწავლეები ოჯახებში 14 დღის შემდეგ დაბრუნდებიან.

„კარანტინის დროს, მოსწავლეები უზრუნველყოფილნი იქნებიან სამჯერადი კვებით, პერსონალური ჰიგიენური საშუალებებით და ექიმის 24-საათიანი მეთვალყურეობით, ხოლო უშუალოდ საკარანტინო ზონებს პოლიციის თანამშრომლები დაიცავენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
თბილისი დაეხმარა: სომხეთის მოქალაქეებმა სამშობლოში დაბრუნება შეძლეს

რაც შეეხება მოსწავლეებს სომხეთიდან, ისინი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სომხეთში გაემგზავრნენ.

ამ დროისთვის  საქართველოს მასშტაბით საკარანტინო სივრცეები 86 სასტუმროშია მოწყობილი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, სამშობლოში უკვე ჩამოყვანილია საქართველოს 5319 მოქალაქე ჩინეთიდან, იტალიიდან, ირანიდან, პოლონეთიდან, ბულგარეთიდან, გერმანიიდან, საბერძნეთიდან, ბელარუსიდან, ნიდერლანდებიდან, ეგვიპტიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.

რეისებს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways შეასრულებს. ბილეთის ფასია 199 ევრო.