COVID-19 - ბოლო ცნობები

ფაქტები მოკლედ: ის, რაც არ იცით COVID-19-ისა და მისი გამომწვევი ვირუსის შესახებ

„Sputnik-საქართველო“ გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს COVID-19-ისა და მისი გამომწვევი ვირუსის - SARS-CoV-2-ის შესახებ, რაც ამ დროისათვის უკვე დადგენილია მეცნიერების მიერ.
Sputnik

ახლა მსოფლიოში ყველა COVID-19-სა და მის გამომწვევ ვირუსზე SARS-CoV-2-ზე ლაპარაკობს. დაგროვდა უამრავი ინფორმაცია ― ზოგი სანდო და ზოგიც საეჭვო და არასანდო. სად არის სიმართლე და სად ტყუილი ამ ზღვა მასალაში, გარკვევა ძნელია, ვინაიდან დაავადებაცა და მისი გამომწვევი ვირუსიც ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე შესწავლილი.

„Sputnik-საქართველომ“, რომელიც ყოველდღიურად გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებული მეცნიერული კვლევების შედეგებს, შეკრიბა საინტერესო ფაქტები, რომლებიც ამ დროისათვის უკვე დადგენილია, რათა ისინი გააცნოს მკითხველებს - მათი მეტი ინფორმირების მიზნით. ამასთან, შევეცდებით არ გავიმეოროთ ის, რაც უკვე ყველამ იცის: სიმპტომები, ჰიგიენისა და თავდაცვის მეთოდები, რისკის ჯგუფები თუ გავრცელების არეალი.

მოკლე ფაქტები

  • Covid-19-ის გამომწვევი ვირუსი SARS-CoV-2 არის კორონავირუსების ოჯახის წარმომადგენელი (სულ ისინი დაახლოებით ორმოცია), რომლებიც გარეგნულად მზის გვირგვინს ჩამოჰგავს საცეცების მსგავსი წანაზარდების გამო;
ფაქტები მოკლედ: ის, რაც არ იცით COVID-19-ისა და მისი გამომწვევი ვირუსის შესახებ
  • თითოეული საცეცის ბოლო სასარგებლო ნივთიერების მოლეკულის იმიტაციას ახდენს, რის გამოც „მოტყუებული“ უჯრედული რეცეპტორები თავად იზიდავენ მას. ასე ხდება ინფიცირება;
  • უჯრედში მოხვედრის შემდეგ ვირუსი კონტროლს ამყარებს მასზე და აიძულებს, მისთვის ჩვეული ცილების ნაცვლად განუწყვეტლივ წარმოაქმნევინოს საკუთარი ასლები. იწყება ჯაჭვური რეაქცია და უჯრედი იღუპება, ინფექციის მატარებელი კი გადამდები ხდება;
  • თუ Covid-19 მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, მისი სიმპტომები ძალიან წააგავს ჩვეულებრივ სეზონურ გრიპს და მკურნალობითაც მის მსგავსად ― სახლის პირობებში მკურნალობენ;
  • საინტერესოა, რომ, რაც უფრო მომაკვდინებელია ვირუსი, მით უფრო უჭირს გავრცელება. მატარებელი ადამიანის სიკვდილის შემდეგ ვირუსი სხვას ვეღარ აინფიცირებს. ამიტომ ვირუსი იშვიათად განიცდის მუტაციას უფრო მომაკვდინებელ ფორმაში ― ეს მის ინტერესებში არ შედის. ცუდი ფაქტია ის, რომ SARS-CoV-2 ამ კატეგორიას არ განეკუთვნება. ეს ვირუსი „მფლობელს“ ინფექციის გამავრცელებლად აქცევს ისე, რომ ან მაშინვე არ იჩენს თავს, ან საერთოდ არ ვლინდება. ამიტომ ინფიცირებული ასწრებს რამდენიმე ადამიანის დაავადებას ― საშუალოდ 2-4 ჯანმრთელი ადამიანისა. ეს მაჩვენებელი სეზონური გრიპისაზე მაღალია, მაგრამ ჩამორჩება წითელას მაჩვენებელს (12 და მეტი);
ფაქტები მოკლედ: ის, რაც არ იცით COVID-19-ისა და მისი გამომწვევი ვირუსის შესახებ
  • თუმცა SARS-CoV-2-ს, ისევე, როგორც სხვა ინფექციებს, ჰყავს ე.წ. სუპერსპრედერები, ანუ ვირუსმატარებლები, რომლებიც ასობით და ათასობით ადამიანსაც კი აინფიცირებენ. მაგალითად, სამხრეთ კორეაში ინფიცირებულმა ქალმა, რომლის კოდური სახელწოდებაა „პაციენტი 31“, დაახლოებით 1200 ადამიანი დაასნებოვნა ტაძრის მრევლში; 
  • Covid-19-ის სიკვდილიანობის მაჩვენებელს მეცნიერული კვლევების უმეტესობა 1-3%-ის დონეზე აფასებს. ეს ბევრად ნაკლებია წინამორბედი კორონავირუსის SARS-ის (10%) და MERS-ის (25%) ლეტალურობის მაჩვენებლზე;
  • გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად, შინაურ ცხოველებს არ შეუძლიათ კორონავირუსის გავრცელება. ჯერჯერობით არ დადასტურებულა ადამიანის ძაღლისგან ან კატისგან ინფიცირების არც ერთი შემთხვევა;
  • ანტიბიოტიკები კორონავირუსის სამკურნალოდ უსარგებლოა ― ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ვირუსის შემთხვევაში, გრიპისა და ჰერპესის ჩათვლით;
  • თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ აიდ-ინფექციის ვაქცინის შექმნას მეცნიერები უშედეგოდ ცდილობენ უკვე 35 წელია, ზოგი ვერსიით, გამორიცხული არ არის, რომ SARS-CoV-2-ის ვაქცინა არც არასდროს შეიქმნას;
  • SARS-CoV-2-ის სპეციფიკური თერაპია ჯერჯერობით არ არსებობს, დაავადებულებს სიმპტომატურად მკურნალობენ. ანუ ამ დროისათვის ექიმები ებრძვიან არა თავად დავადებას, არამედ მის გამოვლინებებს;
  • ცემინება არ არის კორონავირუსის სიმპტომი. ხველება ― კი, ცემინება ― არა;
  • SARS-CoV-2 მუტაციას განაგრძობს. სულ ამ დროისათვის ვირუსის 1200-ზე მეტი გენეტიკური მოდიფიკაცია არსებობს...