COVID-19 - ბოლო ცნობები

ყურადღება მიქციეთ კანს: ფრანგი მეცნიერები COVID-19-ის ახალ სიმპტომს ასახელებენ

მეცნიერები ამბობენ, რომ მსგავსი შემთხვევების შესწავლა სასწრაფოდ უნდა დაიწყოს, ვინაიდან თეორიულად ასეთი სიმპტომების მქონე პაციენტებს შესაძლოა ვირუსის გადადების მაღალი უნარი ახასიათებდეთ.
Sputnik

თბილისი, 10 აპრილი – Sputnik. ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებზე დაკვირვებამ დაადასტურა, რომ დაავადება COVID-19-ის ერთ-ერთი სიმპტომი კანზე გამონაყარიც შეიძლება იყოს, რაც გარეგნულად ჭინჭრის ციებას ჩამოჰგავს, იუწყება Connexion France ფრანგ დერმატოლოგ-ვენეროლოგებზე დაყრდნობით.

​ექიმების თქმით, რიგ შემთხვევაში გამონაყარი შესაძლოა მტკივნეულიც იყოს და ქავილსაც იწვევდეს. მათი აზრით, ასეთ პაციენტებს კანითაც შეუძლიათ ვირუსის გადაცემა, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ ვარაუდია და დადასტურებას მოითხოვს.

მეცნიერები ამბობენ, რომ მსგავსი შემთხვევების შესწავლა სასწრაფოდ უნდა დაიწყოს, ვინაიდან თეორიულად ასეთი სიმპტომების მქონე პაციენტებს შესაძლოა ვირუსის გადადების მაღალი უნარი ახასიათებდეთ, მით უმეტეს, რომ მათ ყოველთვის არც უვლინდებათ COVID-19-ის რესპირატორული სიმპტომები.

COVID-19-მა ახალი, განსხვავებული სიმპტომები გამოავლინა: უახლესი კვლევების შედეგები>>

აღსანიშნავია, რომ მანამდე იგივე მოსაზრება გამოთქვა კალიფორნიის დერმატოლოგიის უნივერსიტეტის პროფესორმა რენდი ჯეკობსმაც, რომელმაც კანზე გამონაყარი კორონავირუსით ინფიცირებულ თავის 67 წლის პაციენტს აღმოუჩინა.

როგორც პროფესორი წერს, მის პაციენტს დაავადება თავდაპირველად დაბალი ტემპერატურითა და გაძნელებული სუნთქვით გამოუვლინდა, რასაც მოგვიანებით სველი ხველა და ცხვირიდან გამონადენი დაემატა. ერთი კვირის შემდეგ კი მას მარჯვენა ბარძაყის წინა მხარეს გამონაყარი გაუჩნდა, რომელიც 24 საათის შემდეგ გაქრა.