თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. წელს საქართველოში კოლხური ბზის მოჭრისთვის ჯარიმები ორმაგდება, ნათქვამია ეროვნული სატყეო სააგენტოს განცხადებაში.
მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს, რასაც ქრისტიანები ბაიაობას, ანუ ბზობას უწოდებენ. ეს გახლავთ თორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაული, რომელიც ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს.
წელს ბზობის დღესასწაული 12 აპრილს აღინიშნება. ტრადიციის მიხედვით, ბზობის დღეს ტაძრებში ბზის ტოტებს აკურთხებენ, რის შემდეგაც იგი მოსახლეობას სახლში მიაქვს.
ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა.
საჯარიმო სანქციების ოდენობა 500-დან 1000 ლარამდეა, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს, აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე.
ბზა შესაძლებელია მოპოვებული იყოს მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე.
ამ დროისთვის კოლხურ ბზას გადაშენება ემუქრება პარაზიტი Cydalima perspectalis-ის, ანუ ბზის ალურას გავრცელებისა და ასევე რამდენიმე წლის წინ გაჩენილი დაავადების გამო, რომელიც მცენარეს ახმობს.
კოლხური ბზა წითელ წიგნშია შეტანილი.