საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ფონზე ოჯახური ძალადობის ფაქტები არ გაზრდილა

ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ცხელი ხაზი 116 006. მისი საშუალებით შესაძლებელია ფსიქოლოგიური და იურიდიული კონსულტაციის მიღება.
Sputnik

თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის პანდემიის ფონზე ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევები არ გაზრდილა, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მიზნით სახელმწიფო მკაცრი პოლიტიკის გატარებას აგრძელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს საკითხი განიხილეს ადამიანის უფლებათა საბჭოს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათშორისი კომისიის სხდომაზე.  

ომბუდსმენი: 2020 წელს უკვე სამი ქალი გახდა ოჯახური ძალადობის მსხვერპლი

სიტუაციის ანალიზმა აჩვენა, რომ პანდემიის პირობებში მსოფლიოში ძალადობის შემთხვევები გაიზარდა, თუმცა საქართველოში პანდემიის ფონზე ოჯახში ძალადობის რიცხვის ზრდა ამჟამად არ აღინიშნება. მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს მხრიდან მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკების კონტროლი. 

ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ცხელი ხაზი 116 006. მისი საშუალებით შესაძლებელია უფასოდ და ანონიმურობის სრული დაცვით ფსიქოლოგიური და იურიდიული კონსულტაციის მიღება. მუდმივ რეჟიმში მუშაობს ასევე „112“-ის ცხელი ხაზიც. 

მთელი ქვეყნის მასშტაბით მუშაობენ კრიზისული ცენტრები და თავშესაფრები. ჩამონათვალს მალე დაემატება დისტანციური ფსიქოლოგიური კონსულტაციის სერვისიც.

საქართველოს შსს-ს მონაცემებით, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა ქვეყანაში ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკაში მესამე ადგილზეა.