COVID-19 - ბოლო ცნობები

სუსტი იმუნიტეტი და რკინის ნერვები: რომელ წამლებს ყიდულობენ საქართველოში

საქართველოს მოსახლეობა იმუნიტეტის გაძლიერებას შეუდგა – იყიდება ვიტამინები და ანტივირუსული პრეპარატები.
Sputnik

თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. კორონავირუსის პანდემიის ფონზე საქართველოს მოსახლეობამ თავის იმუნიტეტზე მეტი ზრუნვა დაიწყო – ცდილობს სწორად იკვებოს და მიიღოს ვიტამინები.

სამკურნალო ჩაი და ნახარში იმუნიტეტის ასამაღლებლად>>

ამ თემაზე ანალიტიკური ინსტიტუტების ოფიციალური მონაცემები ჯერ არ არსებობს, მაგრამ წამყვანი ქართული კლინიკების – „ავერსისა“ და „ევექსის“ ოჯახის ექიმები, ასევე ფარმაცევტული კომპანიების თანამშრომლები აღნიშნავენ, რომ გაიზარდა ვიტამინებისა და იმუნიტეტის ასამაღლებელი საშუალებების გაყიდვა.

„ვიტამინებს შორის მოქალაქეები ყიდულობენ ვიტამინ D-ს, ასევე ვიტამინების კომპლექსებს ბავშვებისა და მოზარდებისთვის... პოპულარობით სარგებლობს ასევე კონკრეტულად იმუნიტეტის ამაღლებისკენ მიმართული საშუალებები“, – განაცხადა „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას კლინიკა „ევექსის“ ოჯახის ექიმმა ხათუნა რატიანმა.

მან აღნიშნა, რომ კვლავინდებურად მაღალია მოთხოვნა ანტივირუსულ და გაციების საწინააღმდეგო პრეპარატებზე.

ოქროს ფასი დაედო: საქართველოში ნივრისა და ლიმონის ფასები გაიზარდა, ხოლო კოჭა საერთოდ გაქრა

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მოსახლეობას რკინის ნერვები აქვს – დამამშვიდებელი პრეპარატების გაყიდვა ბოლო დროს არ გაზრდილა, თუმცა პანდემიისა და საყოველთაო კარანტინის ფონზე ასეთი ტენდენცია შეინიშნება რუსეთსა და ევროპის ბევრ ქვეყანაში.

„მარტის განმავლობაში დამამშვიდებელი პრეპარატები მხოლოდ ერთეულებმა იკითხეს. ამ შემთხვევებში ჩვენ მცენარეულ პრეპარატებს ვუნიშნავთ. დამამშვიდებლებზე რუსეთთან და ევროპის ქვეყნებთან შედარებით დაბალი მოთხოვნა იმას უკავშირდება, რომ კორონავირუსის პანდემია საქართველოში ახლა აღწევს პიკს. მოსახლეობაში პანიკა არაა, რადგან კორონავირუსის გავრცელების პროცესი კონტროლს ექვემდებარება“, – აღნიშნა რატიანმა.

კლინიკა „ავერსის“ ოჯახის ექიმმა ასევე დაადასტურა, რომ განსაკუთრებული მოთხოვნა ამჟამად ვიტამინებზეა.

ხალხური რეცეპტები რესპირატორული დაავადებების პროფილაქტიკისათვის

„პაციენტებს ვუხსნით სწორი კვების მნიშვნელობას ამ პერიოდში, როდესაც ორგანიზმს ვირუსები ემუქრება, და საუბარი მხოლოდ კორონავირუსზე არაა. საჭიროა მეტი ხილისა და ბოსტნეულის მიღება და ცხვირის ანტივირუსული წვეთების გამოყენება. კარგია მარილიანი ხსნარებით ცხვირის გამორეცხვა, რეკომენდაციების დაცვა – ხელების ხშირი დაბანა, სამედიცინო ნიღბის ტარება, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი ვიტამინი უძლური იქნება“, – განაცხადა „Sputnik–საქართველოსთან“ ექიმმა ნონა სულაბერიძემ.

ექიმები მოქალაქეებს ასევე ურჩევენ, რაციონში დაამატონ ვიტამინი С და აუცილებლად გამოიყენონ სპეციალური ანტიბაქტერიული საშუალებები ხელებისთვის.

ბოლოს კი მედიკოსები გვაფრთხილებენ, რომ ექიმთან კონსულტაციის გარეშე ვიტამინების მიღება საშიშია.