COVID-19 - ბოლო ცნობები

რა ელოდებათ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ევროკავშირში ყოფნის ვადა ეწურებათ

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უწყებას მუდმივი კომუნიკაცია აქვს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რათა კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი პრობლემების გათვალისწინება მოხდეს.
Sputnik

თბილისი, 9 აპრილი - Sputnik. საქართველოს უკვე ბევრი ქვეყნისგან აქვს დასტური, რომ აუცილებლად გაითვალისწინებენ საქართველოს იმ მოქალაქეების პრობლემებს, რომლებსაც ევროკავშირში ყოფნის 90-დღიანი ლეგალური ვადა ეწურებათ, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში. 

დავით ზალკალიანი: საგარეო უწყება უცხოეთში საქართველოს 2,4 ათასზე მეტ მოქალაქეს დაეხმარა

საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მოკლევადიანი ვიზიტების (ჯამში 90 დღით 180 დღის მანძილზე) უფლება აქვთ. კორონავირუსის პანდემიის გამო უცხოეთში მყოფმა საქართველოს  ბევრმა მოქალაქემ ვერ მოახერხა ქვეყნის დროულად დატოვება, ამიტომ ისინი დეპორტაციის საფრთხის და  ევროზონაში შესვლის დიდი ხნის ვადით აკრძალვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდენ. 

„ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს არა მხოლოდ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ინდივიდუალურად, არამედ ბრიუსელთან, ევროკომისიასთან, რათა მოხდეს იმ პრობლების გათვალისწინება, რომელიც შეექმნა იმ მოქალაქეებს, რომლებსაც უვიზო მიმოსვლის 90-დღიანი ვადა ეწურებათ და მათი დეპორტაცია არ განხორციელდეს“, - აღნიშნა ზალკალიანმა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლა 21 მარტიდან პრაქტიკულად მთლიანად შეწყდა. ფრენებს ახორციელებს კომპანია Georgian Airways, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები უცხოეთის ქვეყნებიდან ჩამოჰყავს.

მინისტრის განცხადებით, სპეცრეისებით მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებისას პირველ რიგში პრიორიტეტს ანიჭებენ იმ ადამიანებს, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, ასევე ონკოპაციენტებს, ხანდაზმულებს, ორსულებსა და უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ პირებს.

სპეცრეისები ხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით, რაც ითვალისწინებს მგზავრთა განთავსებას ჭადრაკის დაფის პრინციპით, თითოეულ ბორტზე არაუმეტეს 120 მგზავრისა. ბილეთის ფასი განსაზღვრულია მაქსიმუმ 199 ევროს ოდენობით.

დღეისათვის ქვეყანაში ორგანიზებულად დაახლოებით 5 ათასამდე საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა, ადგილებზე კი დახმარება რამდენიმე ათას თანამემამულეს გაეწია.

საქართველოს მთავრობამ მარტის შუა რიცხვებში საზღვრები ჩაკეტა, 21 მარტიდან 21 აპრილამდე კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. თავდაპირველად კარანტინის ზონად მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები იყო გამოცხადებული, სადაც კორონავირუსის ეპიდაფეთქების ალბათობა იყო. 31 მარტიდან კი საკარანტინო რეჟიმი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ამოქმედდა.

9 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 214-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 50, გარდაიცვალა 3. კარანტინში იმყოფება 4722 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 408 პაციენტია.