თბილისი, 8 აპრილი - Sputnik. საქართველოში ექიმების საკმარისი რაოდენობაა და დამატებითი მობილიზაცია ამ ეტაპისთვის არ იგეგმება, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 208 შემთხვევაა, რომელთაგანაც 48 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. ხოლო სამი ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინში იმყოფება 4682 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 375 პაციენტია.
„არ გვაქვს დეფიციტი ექიმების რესურსში და ამ ეტაპისთვის არ იგეგმება დამატებითი მობილიზაცია, თუმცა რეანიმატოლოგებისა და ინფექციონისტების მოქმედი კადრები, მათი მობილიზაცია მომხდარია, მუდმივი მონიტორინგი და სწავლება მიმდინარეობს ოჯახის ექიმების, რათა მათ მიერ შემდგომში განხორციელებული მუშაობა იყოს ჩვენი პაციენტებისთვის უსაფრთხო და ეფექტური“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ამას გარდა, მინისტრმა აღნიშნა, რომ ყოველდღიურად მოწმდება კლინიკები, რათა პიკურ პერიოდში ჰოსპიტლებში რყევები არ იყოს და ყველა ექიმი, ექთანი მობილიზებული და სრულად აღჭურვილი იყოს.
ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში 3500 საწოლია მობილიზებული, რაც ნიშნავს, რომ სამედიცინო სექტორი ქვეყანაში დღეში დაფიქსირებული ასეულობით ინფიცირებულის მიღებას შეძლებს ერთი თვის განმავლობაში.
რატიანი: დაიცავით დისტანცია – შესაძლოა, ვიყოთ ინფექციის მატარებელი და არ ვიყოთ დაავადებული>>
კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა და 21 აპრილამდე გაგრძელდება. 31 მარტიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმიც მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.