თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. საქართველოში ბოლო პერიოდის უმსხვილესმა, შუახევის ჰიდროელექტროსადგურმა ელექტროენერგიის გამომუშავება დაიწყო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
თურნავა: ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით შეფერხებებს არ ველოდებით >>
პროექტი შუახევიჰესი პირველი კერძო საინვესტიციო პროექტია საქართველოში, რომელიც საერთაშორისო ფინანსებით განხორციელდა. მისი რეალიზაციისთვის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) 250 მლნ დოლარს მოუყარა თავი. აქედან 90 მლნ დოლარი აზიის განვითარების ბანკმა, კიდევ 90 მლნ დოლარი - ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკმა, ხოლო 70 მლნ დოლარი თავად საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ გამოყვეს.
პირველ ეტაპზე შუახევიჰესი (178 მგვტ) გაეშვა, ხოლო სხალთაჰესის (9 მგვტ) ოპერირების დაწყება გაზაფხულის ბოლოსთვის იგეგმება.
„ჩვენს მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას უკვე იღებს საქართველოს მოსახლეობა. რამდენიმე თვეში ოპერირებაში შევა ასევე სხალთაჰესი, რის შემდგომაც უკვე შუახევისჰესების კასკადი მთელი სიმძლავრით ამუშავდება. გვჯერა, რომ შუახევიჰესი ქართული ენერგოსისტემის მნიშვნელოვანი რგოლი იქნება ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევის პროცესში“, – აცხადებს კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი პრაშანტ ჯოში.
კომპანია განმარტავს, რომ შუახევის ჰესების კასკადი ჯამურად 450 მილიონ კვტ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რითიც ყოველწლიურად შეამცირებს სასათბურე აირის გამოფრქვევას გარემოში 200 ათასი ტონით და ხელს შეუწყობს საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულების შესრულებას კლიმატის ცვლილების შემცირების შესახებ.
შუახევჰესის დადგმული სიმძლავრეა 187 მვტ და ის წელიწადში 450 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.
„შუახევის ჰესების კასკადი წარმოადგენს ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან ენერგოპროექტს, რომელიც ბოლო 70 წლის მანძილზე საქართველოში განხორციელდა. ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია საქართველოში დარჩება და მნიშვნელოვნად შეამცირებს საქართველოს იმპორტზე დამოკიდებულებას“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„გარდაბნის თბოსადგური 2“-მა ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია მიიღო >>
პროექტის ფარგლებში შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდინარე აჭარისწყალზე ორი კაშხალი და ორი წყალსაცავი აიგო. პროექტის ჯამური ღირებულება 416 მლნ დოლარია.
მშენებლობას ერთობლივი საწარმო „აჭარისწყალი ჯორჯია“ აწარმოებდა, რომელიც ინდურმა კომპანია Tata Power-მა და ნორვეგიულმა Clean Energy Invest-მა დააარსეს.