COVID-19 - ბოლო ცნობები

კორონავირუსის ახალი შემთხვევები: ინფიცირებულებს შორის ეროვნული ბანკის თანამშრომლები არიან

საქართველოს ეროვნული ბანკი კორონავირუსის ერთ-ერთ კლასტერად რჩება: ბოლო დღე–ღამეში ინფიცირებული 13 პაციენტიდან ორი ბანკის თანამშრომელია.
Sputnik

თბილისი, 8 აპრილი - Sputnik. ბოლო დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 13 ახალი შემთხვევა  დაფიქსირდა, რომელთა შორის ორი ეროვნული ბანკის კლასტერთან არის დაკავშირებული, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, ორივე პაციენტი 70 წელს გადაცილებულია.

კორონავირუსი 14 წლის მოზარდს დაუდასტურდა>>

„ორი ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო ეროვნული ბანკია, ეს ორი პაციენტი გახლავთ 70 წელს გადაცილებული, ერთ-ერთ მათგანს აქვს დიაბეტი, ანუ ერთთან ორმაგი რისკია - ასაკი და თანარსებული დაავადება დიაბეტის სახით“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

კორონავირუსით ინფიცირებული 13 ახალი პაციენტიდან ხუთი ბათუმში იმყოფება, ორი - ქუთაისში,  ხოლო დანარჩენები - თბილისში.

საქართველოში კორონავირუსისგან 48 ადამიანი გამოჯანმრთელდა

ეზუგბაიას თქმით, გამოჯანმრთელებული ადამიანებიდან 35 თბილისის ინფექციური საავადმყოფოს პაციენტია. კორონავირუსის 208 გამოვლენილი შემთხვევიდან კი 71 პაციენტი ინფექციური საავადმყოფოს მიერ არის მიღებული, ხოლო სხვები კი ქვეყანაში არსებულ  დანარჩენ ცხრა  COVID-ის ცენტრში არის გადანაწილებული.

რაც შეეხება დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას, ეზუგბაიას თქმით, ინფექციურ სავადმყოფოში ოთხ პაციენტს აქვს მძიმე პნევმონია. ორი პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა და ისინი ჩვეულებრივ განყოფილებაში არიან გადაყვანილი, ორ პაციენტს მძიმე პნევმონია ჯერ კიდევ აღენიშნება, თუმცა მათი მდგომარეობა უმჯობესდება.

რაც შეეხება თბილისის ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკას, აქ ახალი პაციენტები არ მიუღიათ.

კლინიკაში მკურნალობას 13 ინფიცირებული აგრძელებს, რომელთაგანაც ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით საყურადღებოა.

კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილის თქმით, განსაკუთრებით კარგად თავს არასრულწლოვანი პაციენტები გრძნობენ.

ქობულეთის საავადმყოფომ პაციენტების მიღება შეაჩერა>>

ბოქსირებულ განყოფილებაში სულ 46 პაციენტი მკურნალობს, მათგან კორონავირუსი 13 ადამიანს დაუდასტურდა. ექვსი პაციენტი 18 წლამდე ასაკისაა.

8  აპრილის   მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 208-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 48, გარდაიცვალა 3. კარანტინში იმყოფება 4682  ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 375 პაციენტია.