COVID-19 - ბოლო ცნობები

შესაძლებელია თუ არა კორონავირუსით ხელმეორედ დაინფიცირება – გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ხელმეორედ დაინფიცირების რისკი არსებობს, მაგრამ ეს რისკი დაბალია.
Sputnik

თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. კორონავირუსით ხელმეორედ დაინფიცირების რისკი ჯერჯერობით დაბალია, რადგან დაავადებას მხოლოდ სამი თვის ისტორია აქვს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 196 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან გამოჯანმრთელდა 46, გარდაიცვალა – 3, კარანტინში იმყოფება 4674 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 362 პაციენტია.

ამირან გამყრელიძე მიმდინარე კვირის ბოლოს კორონავირუსის 400-მდე შემთხვევას ვარაუდობს

„კორონავირუსით ხელმეორედ დაინფიცირებასთან დაკავშირებით მკაცრი რეკომენდაციები ჯერჯერობით არ არსებობს. ე.წ. რეინფექცია, ანუ ხელმეორედ დაინფიცირების რისკი ჯერჯერობით დაბალია, ვინაიდან დაავადებას მხოლოდ სამი თვის ისტორია აქვს. გრიპის დროს, რომელიც ძალიან ჰგავს კორონავირუსს თავისი კლინიკით, რეინფექციის რისკი დაბალია იმიტომ, რომ დაავადება ტოვებს იმუნიტეტს. რა თქმა უნდა, რისკი არსებობს, მაგრამ ის არაა მაღალი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

ცერცვაძე: კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა არ გადააჭარბებს 1000-ს>>

საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა და ის 21 აპრილამდე გაგრძელდება. 31 მარტიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმიც მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.