COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველო დამატებით 200 ათასი ექსპრეს–ტესტის შესყიდვას გეგმავს

გარდა ამისა, საქართველოში უკვე  შემოტანილია ანტისხეულების 4 ათასი ტესტი,  ხოლო ამავე ტიპის 20 ათასი ტესტი გზაშია.
Sputnik

თბილისი, 8 აპრილი  — Sputnik.  საქართველოს ხელისუფლება   200 ათასი ექსპრეს–ტესტის შესყიდვას გეგმავს, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე. 

ეკატერინე ტიკარაძე: ექიმების დეფიციტი არ გვაქვს

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, შესყიდვა მას შემდეგ მოხდება, რაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მათ უსაფრთხოებასა და მაღალ სანდოობას  დაადასტურებს.

მინისტრის განმარტებით, ამ დროისთვის საქართველოში ტესტების რაოდენობა 80 ათასს აღწევს.

 „რაც შეეხება ექსპრეს–ტესტებს, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები ასე ძალიან ელოდებიან, მას საკმაოდ ფრთხილი გამოყენება და მეტი მეთვალყურეობა სჭირდება. ამიტომაც ჩვენ ამ ტესტებს მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში გამოვიყენებთ. მათი რაოდენობა ქვეყანაში ამ ეტაპზე არის 2 ათასი, გზაში არის 52 ათასი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

გარდა ამისა, საქართველოში უკვე  შემოტანილია ანტისხეულების 4 ათასი ტესტი,  ხოლო ამავე ტიპის 20 ათასი ტესტი გზაშია.

დღეისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 208–ს აღწევს. გამოჯანმრთელდა 48. გარდაიცვალა 3. კარანტინში იმყოფება 4 686 ადამიანი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კი 375. ეპიდემიოლოგების ვარაუდით, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება.