COVID-19 - ბოლო ცნობები

საკარანტინო ზონები საკმარისი იქნება – ხელისუფლება ეპიდვითარების გაუარესებისთვის მზადაა

როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ორკვირიანი კარანტინის პერიოდში მოქალაქეები მაქსიმალურად კომფორტულ პირობებში იმყოფებოდნენ.
Sputnik

თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში ეპიდვითარება გაუარესდება, ქვეყანაში 6,5 ათასი სასტუმრო ნომერი რეზერვში გვაქვს, რომლებსაც კარანტინისთვის გამოვიყენებთ, განაცხადა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ. 

ეკატერინე ტიკარაძე: ექიმების დეფიციტი არ გვაქვს

„დილის 10 საათის მონაცემებით, კარანტინში 4 682 ადამიანი იმყოფება. ისინი ქვეყნის მასშტაბით 86 სხვადასხვა სასტუმროში არიან მოთავსებული. კარანტინის ჩვენი პროგრამისთვის გამზადებული და მობილიზებულია 6 568 სასტუმრო ოთახი. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ეპიდსიტუაცია გაუარესდება და, როგორც მედიკოსები ვარაუდობენ, მომავალში პიკია მოსალოდნელი, ჩვენ ეს რეზერვი მზადყოფნაში გვაქვს“, – განაცხადა თურნავამ.

სახელმწიფოს ამ რთულ დროს დახმარება აღმოუჩინა კერძო სექტორმა, რომელმაც ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში საკარანტინო ზონებისთვის საკმაოდ კეთილმოწყობილი და ძვირადღირებული სასტუმროები დათმო.

საკარანტინო ზონებთან დაკავშირებული ხარჯები, მათ შორის, ცხოვრების, ტრანსპორტირებისა და სამჯერადი კვების, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სრულად იფარება.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ორკვირიანი კარანტინის პერიოდში მოქალაქეები მაქსიმალურად კომფორტულ პირობებში იმყოფებოდნენ.

თურნავამ მადლობა გადაუხადა სასტუმროების პერსონალს, მედიკოსებსა და პოლიციელებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც საკარანტინო ზონებში საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად მუშაობს. საუბარია რამდენიმე ათეულ ათას ადამიანზე.

„მინდა ამ ადამიანებს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო. ადამიანები, რომლებიც დღეს კარანტინებს ემსახურებიან, აკეთებენ მაქსიმუმს, რათა ეს ყველაფერი იყოს ეფექტურად, კომფორტულად და კარგად ორგანიზებული. ისინი ასრულებენ მათთვის არადამახასიათებელ ფუნქციებს და ამაზე ძალიან სწრაფად გადაეწყვნენ, რაც მართლაც კარგ შედეგს იძლევა“, – განაცხადა თურნავამ.

ამ დროისთვის საქართველოში COVID-19 208 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 48, გარდაიცვალა 3, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 375 ადამიანი.