თბილისი, 7 აპრილი - Sputnik. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების გადახდა 30 დღის განმავლობაში უნდა მოხდეს. ასევე შესაძლებელია ჯარიმის გასაჩივრება, განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
გახარია: ციფრები იზრდება, მთავარი ამოცანაა მსუბუქი შემთხვევების სახლის პირობებში მართვა >>
საქართველოს ხელისუფლებამ კორონავირუსის ეპიდაფეთქების გამო 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა აამოქმედა. ამასთან ერთად ამოქმედდა ჯარიმები: საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.
აღნიშნული ჯარიმების გასაჩივრება შესაძლებელია გამოწერისთანავე ან საგანგებო მდგომარეობის ვადის დასრულებიდან 10 დღის ვადაში. საჩივრის შეტანა შესაძლებელია როგორც ადმინისტრაციულ ორგანოში, ისე სასამართლოში.
საერთო ჯამში 21 მარტიდან პოლიციის თანამშრომლებმა წესრიგის დამრღვევებს 2,5 ათასზე მეტი ჯარიმა გამოუწერეს. ჯარიმების დიდი ნაწილი გამოწერეს 31 მარტის შემდეგ, როდესაც საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი დაწესდა.