თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღსანიშნავად 7 აპრილს გაიმართება ვირტუალური გამოფენა სახელწოდებით „სამედიცინო პერსონალი COVID-19-ის ეპიდემიის წინა ხაზზე“.
გამოფენას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ერთობლივად აწყობენ.
როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, COVID-19-მა მთელი პლანეტის დღის წესრიგი შეცვალა, რაც მომავალში ცხოვრების ყველა სფეროზე აისახება.
„მსოფლიო ვირუსის დასამარცხებლად იბრძვის. ამ ბრძოლის წინა ხაზზე კი სამედიცინო პერსონალია. დღეს სწორედ მათ პროფესიონალიზმსა და თავგანწირვაზეა დამოკიდებული თითოეული ადამიანის ბედი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. წინა ხაზზე მებრძოლთა შორის არიან ქართველი ექიმებიც, რომელთა წარმატებაზე ეპიდემიის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, სტატისტიკა და მსოფლიო ექსპერტების შეფასებები მეტყველებს“, – ნათქვამია ეროვნული ბიბლიოთეკის განცხადებაში.
გამოფენა ასახავს ეპიდემიის წინააღმდეგ მებრძოლი სამედიცინო პერსონალის საქმიანობას როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ისე საქართველოში. ვირტუალური ექსპოზიცია ასევე მოიცავს COVID-19-ზე ჯანდაცვის მუშაკების რეაგირების ამსახველ მასალებს. გამოფენას თან ერთვის ასევე საგანმანათლებლო ნაწილი პოსტერებისა და ინფოგრაფიკების სახით.
ჯანმრთელობის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 7 აპრილს აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნა უკავშირდება 1948 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დაარსების თარიღს.
ჯანმრთელობის მსოფლიო დღე ყოველ წელს სხვადასხვა თემას ეძღვნება. წელს ეს თემაა ექთნებისა და ბებიაქალთა ღვაწლი ზოგადად მედიცინაში და კონკრეტულად COVID-19-ის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიო ლიდერების ყურადღებას ამახვილებს უმცროსი სამედიცინო პერსონალის გადამწყვეტ როლზე მსოფლიო ჯანდაცვაში. წლევანდელი კამპანიის დევიზია „მხარდაჭერა ექთნებსა და ბებიაქალებს".
„ვირტუალური გამოფენა „სამედიცინო პერსონალი COVID-19-ის ეპიდემიის წინა ხაზზე" სწორედ ამ კამპანიას ეხმაურება და მისი მიზანია პანდემიად ქცეული ვირუსის წინააღმდეგ მებრძოლი სამედიცინო პერსონალისადმი მადლიერების გამოხატვა“, – აღნიშნულია ეროვნული ბიბლიოთეკის განცხადებაში.
გამოფენა „სამედიცინო პერსონალი COVID-19-ის ეპიდემიის წინა ხაზზე" გვაცნობს ჩვენთვის როგორც უკვე ნაცნობი, ისე უცნობი მედპერსონალის სახეებს.
გამოფენის თემატიკა:
- ქართველი მედპერსონალი ეპიდემიის წინა ხაზზე
- ქართველი ექთნები ეპიდემიის წინა ხაზზე
- უცხოელი მედპერსონალი ეპიდემიის წინა ხაზზე
- ქვეყნის ჯანდაცვის რეაგირება Covid-19-ზე
- საგანმანათლებლო მასალა Covid-19-ზე