COVID-19 - ბოლო ცნობები

ბათუმში სასწრაფო დახმარების ორი ბრიგადა თვითიზოლაციაში გადავიდა

გარდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებისა, კარანტინშია კლინიკა „მედინას” რამდენიმე თანამშრომელიც.
Sputnik

თბილისი, 7 აპრილი - Sputnik. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორი ბრიგადა, სულ 6 ადამიანი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს კონტაქტი ჰქონდათ 60 წლის ქალთან, რომელსაც დღეს კორონავირუსი დაუდგინდა. პაციენტის ინფიცირების წყარო და კონტაქტები ამ დროისთვის უცნობია.

კორონავირუსის გამო გლდანში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსი მთლიანად ჩაიკეტა

„პაციენტს პირველად ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება, განმეორებითი გამოძახების შემდეგ კი ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. მას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ ჰქონდა, ასევე არც მოგზაურობის ისტორია და ამბობდა, რომ აწუხებდა ელენთა“, – განაცხადა ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსმა მინდია კახიძემ.

მისი ინფორმაციით, გამოძახებაზე მედიკოსები პირბადეებით და ხელთათმანებით იყვნენ.

გარდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებისა, კარანტინშია კლინიკა „მედინას” რამდენიმე თანამშრომელიც. სასწრაფომ ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, სწორედ ამ კლინიკაში მიიყვანა.

საქართველოში ვირუსის შიდა გადაცემის ფაქტები იზრდება – ბოლო მონაცემები>>

7 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 195-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 46, გარდაიცვალა 3. კარანტინში იმყოფება 4708 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 370 პაციენტია.