COVID-19 - ბოლო ცნობები

სახალხო დამცველი საკარანტინო სივრცეების მონიტორინგს იწყებს

ნინო ლომჯარიას განცხადებით, მონიტორინგის მიზანია კარანტინში მოთავსებული ადამიანების ინდივიდუალური საჭიროებების გამოვლენა და სახელმწიფო უწყებებისთვის ინფორმაციის დროული მიწოდება.
Sputnik

თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. სახალხო დამცველი საკარანტინო სივრცეებში არსებულ მდგომარეობას შეისწავლის, ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საქართველო უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეებისთვის საკარანტინე სივრცეებს გაზრდის

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სპეციალური საკარანტინო სივრცეებია მოწყობილი. დღევანდელი მდგომარეობით, კარანტინის რეჟიმში 5000-მდე ადამიანი იმყოფება.

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, მონიტორინგის მიზანია კარანტინში მოთავსებული ადამიანების ინდივიდუალური საჭიროებების გამოვლენა და სახელმწიფო უწყებებისთვის ინფორმაციის დროული მიწოდება.

„პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში გვსურს შევისწავლოთ საკარანტინო სივრცეების პირობები, ჯანდაცვის სერვისის უზრუნველყოფის საკითხი, ადამიანის უფლებების დაცვის ზოგადი სტანდარტები, მოწყვლად ჯგუფთა საჭიროებები და სხვა მნიშვნელოვანი გარანტიების პრაქტიკაში რეალიზაცია“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის განმარტებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე 591 90 33 22.

7 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 195-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 39 ადამიანი, გარდაიცვალა – 2, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4708, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 370 პაციენტია.

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობამ 21 მარტიდან 21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი და კომენდანტის საათი (21:00 საათიდან 06:00 საათამდე) გამოცხადდა.