საგარეო უწყება: აზერბაიჯანთან დაწესებული შეზღუდვები სატვირთო გადაზიდვებს არ ეხება

მანამდე, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველომ 14 მარტიდან 20 აპრილამდე აზერბაიჯანთან სახმელეთო საზღვარი დაკეტა.
Sputnik

თბილისი, 7 აპრილი - Sputnik. აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან 20 აპრილამდე დაწესებული სახმელეთო და საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა სატვირთო გადაზიდვებს არ ეხება, იუწყება ტელეკომპანია Imedi საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით. 

აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 584-მდე გაიზარდა

უწყების ცნობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებების ფარგლებში 2020 წლის 5 აპრილიდან 20 აპრილამდე შეჩერებულია სახმელეთო და საჰაერო ტრანსპორტით შესვლა-გამოსვლა, ასევე ადგილობრივი ფრენები. აღნიშნული შეზღუდვები არ ეხება მხოლოდ სატვირთო გადაზიდვებს.

შესაბამისად, დღეისათვის საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარზე არსებული ყველა საბაჟო–გამშვები პუნქტი („წითელი ხიდი“, „ლაგოდეხი“, „სამთაწყარო“ და „მტკვარი“) ფიზიკური პირების გადაადგილებისთვის დახურულია.

გარდა ამისა, 20 აპრილამდე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ასევე ამოქმედდა ფიზიკური პირების გადაადგილების ახალი, გამკაცრებული წესები, რომლის მიხედვით, გადაადგილება ნებადართულია მხოლოდ განსაკუთრებული ნებართვის მქონე პირებისთვის.

გავრცელებული ინფორმაციით, ნებართვის მიღების მსურველმა პირებმა SMS-შეტყობინება უნდა გაგზავნონ სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ ნომერზე, მიუთითონ პირადი მონაცემები და სახლიდან გამოსვლის მიზეზი, რის შემდეგ მათ მოუვათ შესაბამისი პასუხი. საპასუხო SMS–შეტყობინებაში მითითებული იქნება ნებართვის მოქმედების ვადა. საცხოვრებელი ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ დადებითი პასუხის მიღების შემდეგ.  

საკარანტინო შეზღუდვები მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში: კონკრეტული წესების ჩამონათვალი

მანამდე, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველომ 14 მარტიდან 20 აპრილამდე აზერბაიჯანთან სახმელეთო საზღვარი დაკეტა. ხოლო 21 მარტიდან სრულად შეწყვიტა საჰაერო მიმოსვლა, ფრენები სრულდება მხოლოდ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და მხოლოდ საქართველოს ავიახაზების მიერ. თუმცა, საქართველოსა და აზერბაიჯანის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნება სურდათ, საკონტროლო-გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი“ 10:00 საათიდან 12:00 საათამდე მუშაობდა.

კორინავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა.

აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან მოქმედი ოპერატიული შტაბის ცნობით, დღემდე დარეგისტრირებულია ინფიცირების 641 შემთხვევა. მათგან 44 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 7 გარდაიცვალა. ამჟამად საგანგებო რეჟიმის საავადმყოფოებში მკურნალობას განაგრძობს 590 ინფიცირებული.

რაც შეეხება საქართველოს, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 195-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 46. გარდაიცვალა 3. კარანტინში იმყოფება 4708, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 370 პაციენტია.