COVID-19 - ბოლო ცნობები

ნაპოვნია COVID-19-ის ახალი „აქილევსის ქუსლი“: მსოფლიოს უდიდესი ინსტიტუტი კვლევას აქვეყნებს

მკვლევარების აზრით, ასეთი ფარული, უხილავი მოწყვლადობის მოძიება შესაძლებელს გახდის, სწრაფად და ეფექტურად შეიქმნას SARS-CoV-2-ის სამკურნალო პრეპარატიცა და მისი საწინააღმდეგო ვაქცინაც.
Sputnik

თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. აღმოჩენილია SARS-CoV-2-ის „აქილევსის ქუსლი“, რომელიც ანტისხეულების მიმართ ფრიად მოწყვლადია, და ეს აღმოჩენა COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატების შექმნაში ძალიან დაგვეხმარება, აცხადებენ სკრიპსის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის (აშშ) მეცნიერები, რომელთა კვლევაც გამოქვეყნებულია ჟურნალში Bio Rxiv

COVID-19: ჩინელმა მეცნიერებმა კორონავირუსის სუსტი წერტილი დაადგინეს

​სკრიპსის ინსტიტუტი (TSRI) მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი არაკომერციული კვლევითი ინსტიტუტია ბიომედიცინის დარგში. ბოლო ათწლეულებში TSRI-მ დიდი წვლილი შეიტანა ადამიანის ჯანმრთელობისა და ცხოვების პირობების გაუმჯობესების საქმეში.

როგორც ირკვევა, მეცნიერებმა შეისწავლეს ატიპური პნევმონიისგან ჯერ კიდევ 2003 წელს განკურნებული პაციენტების ანტისხეულები და აღმოაჩინეს, რომ SARS-CoV-2-სა და მის წინამორბედ კორონავირუს SARS-CoV-ს ანტისხეულების ზემოქმედების არე ანალოგიური ჰქონდათ.

მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ ეს არე ძალიან მნიშვნელოვანია ვირუსის საარსებოდ, ვინაიდან მასში მნიშვნელოვანი მუტაციები არ მომხდარა.

„ჩვენ აღმოვაჩინეთ მოწყვლადი ადგილი, რომელსაც ვირუსის გარსი ფარავს და მხოლოდ მას შემდეგ ჩნდება, რაც ვირუსი სტრუქტურას შეიცვლის ინფიცირების პროცესში“, — განმარტა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა მენ იანმა.

მკვლევარების აზრით, ასეთი ფარული, უხილავი მოწყვლადობის მოძიება შესაძლებელს გახდის, სწრაფად და ეფექტურად შეიქმნას SARS-CoV-2-ის სამკურნალო პრეპარატიცა და მისი საწინააღმდეგო ვაქცინაც.

გარდა ამისა, სკრიპსის ინსტიტუტის სწავლულებს მიაჩნიათ, რომ აღმოჩენილი „აქილევსის ქუსლი“ შესაძლოა მგრძნობიარე იყოს უკვე არსებული პრეპარატების მიმართაც.

ამ დროისათვის TSRI-ს მეცნიერები COVID-19-სგან განკურნებული პაციენტების სისხლში ეძებენ SARS-CoV-2-ის ანტისხეულებს. ამ დაავადებისგან გამოჯანმრთელებული ადამიანების სისხლის პლაზმის გადასხმის მეთოდს უკვე იყენებენ მსოფლიოს ბევრ საავადმყოფოში, თუმცა ანტისხეულებზე მიზნობრივი მუშაობა აღნიშნულ თერაპიას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის.