COVID-19 - ბოლო ცნობები

მიხეილ ჩხენკელი: ეს სემესტრი არც ერთ შემთხვევაში არ ჩავარდება

მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აკადემიური წელი არ გამოცხადდეს.
Sputnik

თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. ეს სემესტრი აუცილებლად შედგება და ეს სასწავლო წელი არც ერთ შემთხვევაში არ ჩავარდება, განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. 

საქართველოში დაიწყო პროექტი „ტელესკოლა“

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედებს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში სასწავლო პროცესი 21 აპრილამდე შეწყდა. სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ.

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ასეთი ენთუზიაზმით არის ჩართული დისტანციური სწავლების განხორციელებაში, განსაკუთრებით, ყველა მასწავლებელს, რომლებიც შემოქმედებითი მიდგომით იღებენ მონაწილეობას როგორც ონლაინ-სწავლების ფორმატში, ასევე „ტელესკოლის“ უაღესად მნიშვნელოვან პროექტში. ყოველივე ეს საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ ეს სემესტრი აუცილებლად შედგება“, – განაცხადა ჩხენკელმა.

საქართველოს განათლების სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში მოსწავლეებისთვის სასწავლო პროგრამის ათვისების დისტანციურად დახმარების მიზნით პროექტი „ტელესკოლა“ დაიწყო, რომელიც ითვალისწინებს ტელეგაკვეთილებს ყველა კლასის მოსწავლეებისთვის. პროექტის ფარგლებში „ტელესკოლაზე“ წვდომა აქვს ყველა მოსწავლეს, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა მათ წვდომა ინტერნეტზე.

მინისტრის განმარტებით, კორონავირუსის გამო შექმნილი გამოწვევების დაძლევაში საქართველო განათლების მიმართულებით შეფასებულია, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანზიაციამ (OECD) გამოაქვეყნა ჩარჩო-დოკუმენტი, სადაც კორონავირუსის გამო შექმნილი გამოწვევების დაძლევაში საქართველო განათლების მიმართულებით ერთ-ერთ საუკეთესო ქვეყნად დასახელდა. 

განათლების სამინისტრო სკოლებს დისტანციური სწავლებისთვის პლატფორმა Feedc Edu-ს სთავაზობს

„ამ დოკუმენტში დეტალურად არის განხილული ყველა ის ღონისძიება, რაც გატარებულია საქართველოში განათლების სამინისტროს მიერ, განსაკუთრებით გამოყოფილია ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი „ტელესკოლა“, რომელიც ხელმისაწვდომობის გარანტიას იძლევა, რადგანაც ეს პროექტი განკუთვნილია ყველასთვის განურჩევლად იმისა, აქვთ თუ არა ჩვენს მოსწავლეებს ინტერნეტთან წვდომა“, – განაცხადა ჩხენკელმა.

მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აკადემიური წელი არ გამოცხადდეს, რადგან ამას თავისი შედეგები მოჰყვება მოსწავლეებისთვის. მთავრობის მეთაურის თქმით, დისტანციური განათლება, ბუნებრივია, ვერ შეცვლის სრულფასოვან საკლასო განათლებას, მაგრამ ამ მდგომარეობაში, როდესაც სხვა გამოსავალი არ არის, დაიწყო ზრუნვა დისტანციური განათლების განვითარებაზე.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა.

6 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 188-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 36, გარდაიცვალა 2. კარანტინში იმყოფება 5056 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 386 პაციენტია.