ლონდონი-ბათუმის რეისით საქართველოში 180 მოქალაქე დაბრუნდა

მგზავრებს ბათუმის აეროპორტში თერმოსკრინინგი ჩაუტარდათ, ყველა მათგანი საკარანტინო ზონაშია გადაყვანილი.
Sputnik

თბილისი, 5 აპრილი - Sputnik. დიდი ბრიტანეთიდან სამშობლოში გვიან ღამით 180 საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ლონდონი-ბათუმის ჩარტერული რეისი ავიაკომპანია Georgian Airways-მა შეასრულა.

მთავრობა უცხოეთიდან თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნების პროცესს აგრძელებს

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს მედიკოსები სპეციალური აღჭურვილობით დახვდნენ და თერმოსკრინინგი ჩაუტარეს.

ყველა მგზავრი საკარანტინე სივრცეშია გადაყვანილი, სადაც 14 დღის განმავლობაში დარჩებიან.

საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლა 21 მარტიდან პრაქტიკულად მთლიანად შეწყდა. ფრენებს ახორციელებს კომპანია Georgian Airways, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები უცხოეთის ქვეყნებიდან ჩამოჰყავს.

საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი 14 დღიან სავალდებულო კარანტინს გადის. კარანტინის რეჟიმში ამჟამად 5067 მოქალაქე იმყოფება.

როგორ დაბრუნდებიან სამშობლოში რუსეთის მოქალაქეები - ყველა ავიარეისი შეჩერებულია >>

საქართველოს მთავრობამ 31 მარტიდან ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის რეჟიმი დააწესა. ასევე ამოქმედდა კომენდანტის საათი 21:00-დან 06:00 საათამდე. 21 მარტიდან საქართველოში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 162 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის გამოჯანმრთელდა - 36,  გარდაიცვალა ერთი ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 330 ადამიანი იმყოფება.