„ჯი პი აი“ ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალს აპრილის თვის ანაზღაურებას გაუორმაგებს

სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ „მადლობის ფონდში“ თავდაპირველად 100 000 ლარს ჩარიცხავს, რაც ინფექციური საავადმყოფოს პერსონალის ანაზღაურების ზრდას მოხმარდება.
Sputnik

თბილისი, 5 აპრილი - Sputnik. სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ „მადლობის ფონდს“ ქმნის, სადაც კომპანია პირველ ეტაპზე 100 000 ლარს ჩარიცხავს, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, თანხა სრულად მოხმარდება ინფექციური საავადმყოფოს პერსონალის ანაზღაურების ზრდას. მათ აპრილის თვის ანაზღაურება გაუორმაგდებათ.

„ჩვენ COVID -19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ვერთვებით. თითოეული გადარჩენილი სიცოცხლისთვის გვინდა, განსაკუთრებული მადლობა ვუთხრათ ექიმებს, რისთვისაც ვქმნით „მადლობის ფონდს“. ფონდში, პირველ ეტაპზე, „ჯიპიაის“ შენატანი 100 000 ლარია. ეს თანხა სრულად მოხმარდება ინფექციური საავადმყოფოს პერსონალის ანაზღაურების ზრდას. მათ აპრილის თვის ანაზღაურება გაუორმაგდებათ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ექიმის დაინფიცირების გამო საავადმყოფოს ასამდე თანამშრომელი იზოლაციაშია

გარდა ამისა, ექიმების მიმართ მადლიერების გამოსახატად, „ჯიპიაის“ თანამშრომლებს მიეცემათ საშუალება, სურვილის შემთხვევაში დამატებით თანხები გადარიცხონ ფონდში.

„ჯიპიაის“ თითოეულ თანამშრომელს შესაძლებლობა გვაქვს, გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება ექიმების მიმართ და „მადლობის ფონდში“, დამატებით, სასურველ თანხას გადავრიცხავთ. ასე რომ, ჩვენი ექიმების მხარდასაჭერად შემდგომ აქტივობებს კომპანიისა და თანამშრომელთა ერთობლივი კონტრიბუციებიდან დავაფინანსებთ“.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 5 აპრილის დილისათვის კი კორონავირუსით ინფიცირების 170 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 36 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ორი გარდაიცვალა.