საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ სამი პაციენტი განიკურნა

ამ დროისათვის საქართველოში გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა 31-ს აღწევს, ინფიცირებულთა რაოდენობა 157-ია, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა
Sputnik

თბილისი, 4 აპრილი - Sputnik. საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ სამი პაციენტი განიკურნა, სამივე პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

„ჩვენს ცენტრში სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა და ამ სამმა პაციენტმა დატოვა ჩვენი ცენტრი. სულ ქვეყანაში იყო 28 გამოჯანმრთელებული, გახდა 31, აქედან 25 პაციენტი ჩვენი ცენტრიდანაა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსით სპორტსმენი დაინფიცირდა - მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება

მისი თქმით, დილის მონაცემებით, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს 15 პაციენტს ჩაუტარდა PCR-ტესტირება და გერმანიიდან შემოყვანილ ყველა პაციენტთან იყო უარყოფითი პასუხი.

„ეს პაციენტები ქვეყანაში, როგორც ინფიცირებულები არ შემოსულან. ეს ძალიან კარგია. ეს ადამიანები გადაყვანილი არიან ისევ საკარანტინო სივრცეში. 14 დღის განმავლობაში ისევ დაკვირვების ქვეშ იქნებიან. თუ 14 დღის განმავლობაში სიტუაცია სტაბილური იქნება, თავის სახლებს ჯანმრთელები დაუბრუნდებიან“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 157-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 31. კარანტინში იმყოფება 5526 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 344  პაციენტია.

საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც 21 აპრილამდე გაგრძელდება. 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა.